მეცნიერების საერთაშორისო დღე
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა მეცნიერების საერთაშორისო დღესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც მოხსენებებით წარდგნენ ცენტრის ახალი თაობის მკვლევრები: ლაშა ტყებუჩავა, ნათია მიროტაძე და ლალი ვაშაყმაძე. მეცნიერებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს ტექსტოლოგიურ კვლევების შედეგები, ისაუბრეს მათს მნიშვნელობასა და თავიანთ საერთაშორისო გამოცდილებაზე.
ლაშა ტყებუჩავას მოხსენება შეეხებოდა ევაგრე პონტოელის შრომათა კომპენდიუმის წმ. ექვთიმე ათონელისეულ თარგმანსა და მის ორ რედაქციას.
ნათია მიროტაძემ მოკლედ მიმოიხილა ესთერის წიგნთან დაკავშირებული ტექსტოლოგიური სირთულეები, ისაუბრა კვლევის ისტორიაზე, აჩვენა ქართული ვერსიების მიმართება ბერძნულ წყაროებთან და მათი მნიშვნელობა ესთერის წიგნის ტექსტის ისტორიის ახლებური ინტერპრეტაციისათვის. ესთერის წიგნის ქართულ ვერსიებს ნათია მიროტაძე დიდი ხანია იკვლევს, საბოლოო ეტაპი კი 2019-2023 წლების განმავლობაში ზალცბურგის უნივერსიტეტის კათოლიკური თეოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოლოგიისა და პატრისტიკის დეპარტამენტში განხორციელებული სამეცნიერო პროექტის ფარგლებში წარიმართა.
ამავე ფაკულტეტის სწავლებისა და კვლევის მეთოდებზე, ნათია მიროტაძესთან ერთად, ისაუბრა ლალი ვაშაყმაძემ, რომელმაც ზალცბურგში, როგორც ერაზმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტმა, ერთი აკადემიური წელი გაატარა. ლალი ვაშაყმაძე მოკლედ შეეხო თავისი საკვლევი თემის, ივდითის წიგნის ძველი ქართული თარგმანის, ტექსტოლოგიურ თავისებურებებსა და მის ღირებულებას ბერძნული ტექსტის ისტორიისათვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი მოხსენების ის ნაწილი, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული საზაფხულო სკოლის პროგრამასა და ამ ცენტრის ტექნიკურ მიღწევებს შეეხებოდა. ცენტრში შემუშავებული მაღალმტექნოგიური მეთოდებით შესაძლებელია გაუხსნელი გრაგნილების, ჯერ კიდევ თიხის კონვერტებში მოთავსებული თიხის ფირფიტების თუ პალიმფსესტების ქვედა ფენის დიგიტალიზება და გაშიფვრა.