გამოცემები
გამოცემები
სათაური: მიწისძვრები ძველ საქართველოში. ქართული საისტორიო წყაროები. IV-XVIII სს.
ავტორი: დარეჯან კლდიაშვილი
რედაქტორი: თამარ აბულაძე, ნოდარ ბახტაძე. ტექნიკური რედაქტორი: ნათია დუნდუა დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი
გამოცემის თარიღი: 2023
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 306
ISBN: 978-9941-9811-5-9
ტერიტორია, რომელიც მოიცავს თანამედროვე საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ჩრდილოეთ ირანისა და თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს, ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობის ზონაშია მოქცეული. საისტორიო წყაროებმა შემოინახეს ცნობები და კვალი სამხრეთ კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებში მიწისძვრების შესახებ – მათი დამანგრეველი შედეგები, ხშირ შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფის, დიდი ადამიანური მსხვერპლის, პოლიტიკური და ეკონომიკური დეპრესიის, დემოგრაფიული სურათის ცვლილებისა და მასობრივი მიგრაციების მიზეზი ხდებოდა. რეგიონში წარსულში მომხდარ მიწისძვრებსა და მათ შედეგებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ ქართული წერილობითი წყაროები და მატერიალური კულტურის ძეგლები – ნაგებობები და არქეოლოგიური მასალები. მათი ინტერდისციპლინური კვლევა შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს წარსულში მომხდარი მიწისძვრის თარიღი, ეპიცენტრი, გეოგრაფია და არეალი, სიძლიერე, ამა თუ იმ რეგიონში მიწისძვრის განმეორადობის სიხშირე, თანმდევი ბუნებრივი მოვლენები, მსხვერპლის რაოდენობა, და სხვ. საისტორიო წყაროებში შემონახული ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის კვლევას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის სეისმური საფრთხეების შეფასებისა და პრევენციისათვის.
წიგნში ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით განხილულია IV-XVIII საუკუნეებში საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში მომხდარი ორ ათეულზე მეტი მიწისძვრა, რომელთა შესახებაც ცნობები ქართულ წერილობით წყაროებშია დადასტურებული. ფოტოებით, სქემებითა და რუკებით უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია განკუთვნილია ჰუმანიტარულ და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგებში მომუშავე სპეციალისტების ფართო წრისათვის. წარმოდგენილი მასალები გახდება საფუძველი სამხრეთ კავკასიის მიწისძვრების შეჯერებული დოკუმენტირებული კატალოგის მოსამზადებლად.