ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, ცისანა აბულაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, ცისანა აბულაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ქალბატონ ცისანას მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ქალბატონმა ცისანა აბულაძემ მილოცვები მიიღო სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისა და მისი მოწაფეებისგან.
კონფერენცია მოიცავდა აღმოსავლური ხელნაწერების თემატიკას. მოხსენებები წაიკითხეს, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა, ასევე სხვა სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
ცისანა აბულაძე ოსმალური ხელნაწერების გამორჩეული მკვლევარია საქართველოში. 60 წელზე მეტია რაც ოსმალურ ხელნაწერებზე მუშაობს. მისი ავტორობით გამოცემულია ისეთი წიგნები, როგორიცაა: „სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები“, ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი, „თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის“. არის 6 წიგნისა და 60-მდე სტატიის ავტორი.

დღის წესრიგი

11:00 პლენარული სხდომა

ზაზა აბაშიძე
მისასალმებელი სიტყვა

მზია სურგულაძე
ცისანა აბულაძე – წყაროთმცოდნე

მარიკა ჯიქია
ცისანა აბულაძე – ენათმეცნიერი

12:00
რეგლამენტი 15 წუთი

1. თამარ აბულაძე – „ხელობის მარგალიტები“ და ხელნაწერი წიგნის შექმნის ხელოვნება
2. დარეჯან კლდიაშვილი – შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ერთი ეპიზოდი საათაბაგოში XVI საუკუნის ათიან წლებში: ხახულის თემის მიმტაცებელი ქურცინასა და მისი ოჯახის ვინაობისათვის
3. ვლადიმერ კეკელია – ქართველთა პილიგრიმობა წმინდა მიწაზე: ხასიათი და მარშრუტი
4. ლია სამყურაშვილი – Ark-16 და Arc-380 ხელნაწერების ურთიერთმიმართებისათვის
5. თამარ პაპუაშვილი – ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობის დროს თბილისში ოსმალური მონეტის მოჭრა
6. ევგენი ჭანიშვილი – ქუფური დამწერლობით შესრულებული ძეგლები საქართველოში