მანანა დოლაქიძის, ლილი ხევსურიანისა და ლალი ჯღამაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია
15 დეკემბერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ჩატარებული კონფერენციის მნიშვნელობასა და ცენტრის თანამშრომლების სამეცნიერო მოღვაწეობაზე ისაუბრა.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა კონფერენციის ორგანიზატორმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაია მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველ წელს გაიმართება.
კონფერენცია მიეძღვნა ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერების – მანანა დოლაქიძის, ლილი ხევსურიანისა და ლალი ჯღამაიას ხსოვნას. თემატიკა განისაზღვრა იმ სამეცნიერო სფეროთა მიხედვით, რომელთა განვითარებაში ამ მეცნიერებს განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი – ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, ხელნაწერთა აღწერილობები, სამწიგნობრო კერები (სინა, ათონი) და სხვა.