გამომცემლობა Aschendorff Verlag-მა გამოაქვეყნა ქართველ მეცნიერთა ნაშრომი „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული კულტურა და ხელნაწერი წიგნი ქრისტიანულ შუა აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“
გერმანიაში გამომცემლობამ Aschendorff Verlag სერიით Jerusalemer Theologisches Forum (ტ. 42) გამოაქვეყნა ქართველ მეცნიერთა ნაშრომი „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული კულტურა და ხელნაწერი წიგნი ქრისტიანულ შუა აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“.
წიგნი მკითხველს თანმიმდევრულად, დიაქრონიულად წარუდგენს ქართველ საეკლესიო მოღვაწეთა ლიტერატურულ მოღვაწეობას პალესტინის, სინას, ათონის, შავი მთის, კონსტანტინოპოლისა და პეტრიწონის (ბაჩკოვო) სამონასტრო ცენტრებში. ის მიზნად ისახავს აჩვენოს, თუ როგორ აითვისეს ქართველებმა იდეები და ღირებულებები, რომლებიც დომინირებდა ქრისტიანული სამყაროს მოწინავე ლიტერატურულ და კულტურულ ცენტრებში და როგორ შეიტანეს ეს იდეები და ღირებულებები ქართულ ეროვნულ მწერლობაში, გადააკეთეს ისინი ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის არსებით ნაწილად. წიგნში ასევე განხილულია ქართველების ურთიერთობის საკითხი სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან – ბერძნებთან, სომხებთან და ლათინებთან – სამონასტრო ცენტრების მრავალკულტურულ და მრავალენოვან გარემოში. წიგნი არის შუა საუკუნეების ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიასთან დაკავშირებით დასავლეთში არსებული ხარვეზის ამოვსების მცდელობა. იგი აწვდის საერთაშორისო მეცნიერებს შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ისტორიის ქართველ სპეციალისტთა დღევანდელ აზროვნებას.
ავტორები არიან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერები: ზაზა ალექსიძე, დარეჯან კლდიაშვილი, თამარ ოთხმეზური, მაია რაფავა, დალი ჩიტუნაშვილი, თინა ცერაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები: მაგდა მჭედლიძე და ანა ხარანაული, ასევე ნიკოლოზ ალექსიძე (თავისუფალი უნივერსიტეტი), თინა ქრონცი (ბონის უნივერსიტეტი), თამარ პატარიძე (ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი). რედაქტორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თამარ ოთხმეზური, ინგლისურ ენაზე თარგმნეს მანანა ოდიშელმა და მაიკლ ვიკერსმა.