საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გრიგოლ წერეთლის არქივი შეიძინა
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალურ ფონდს შეემატა უმნიშვნელოვანესი მასალა – ცენტრმა შეიძინა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, უთვალსაჩინოესი პაპიროლოგის გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთლის არქივის ნაწილი, რომლითაც შეივსო ცენტრში დაცული მისი ფონდი. შემოსული მასალა (477 ერთეული) წარმოადგენს გრიგოლ წერეთლის ხელნაწერ და ნაბეჭდ (გამოუცემელ) მემკვიდრეობას – მის ლექსებს და ძველი ბერძნული ლიტერატურის ძეგლების თარგმანებს რუსულ ენაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა არისტოფანეს „ფრინველების“ წერეთლისეული თარგმანი (გამოსაცემად მოამზადა აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა). ახალი საარქივო მასალა, რომელიც, დღეიდან დაცულია ხელნაწერთა ცენტრში ნამდვილად მიიპყრობს კლასიკური ფილოლოგიის ქართველ სპეციალისტთა ყურადღებას.