ქ. კელნის ტექნიკური უნივერსიტეტის რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი
2-5 ნოემბერს კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. კელნის ტექნიკური უნივერსიტეტის რესტავრაცია-კონსერვაციის ინსტიტუტის პროფესორი ანდრეა პატაკი-ჰუნდტი და რესტავრატორები მარლენ ბიორნგერნი, შარლოტე ბრეცენდორფერი და კერსტინ მერცი.
ვიზიტისას სტუმრებმა ცენტრის დირექტორთან, ბატონ ზაზა აბაშიძესთან, შეხვედრისას ისაუბრეს 2020 წლის პროექტზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
კალის ლექციონარი, Xს. (Q-1653) ეტრატზე შესრულებული ხელნაწერი, აღმოჩენილია სვანეთში, სოფელ კალაში, გადაწერილია პალესტინაში. ამ ხელნაწერის რესტავრაციასა და შესწავლასთან დაკავშირებით 2020 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „კალის ლექციონარი“. პროექტის ფარგლებში სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით გერმანულმა მხარემ რესტავრაციის ლაბორატორიისათვის შეიძინა ძვირადღირებული გამწოვი მაგიდა. ამ ვიზიტისასაც ჩამოიტანეს გერმანელმა კოლეგებმა ლაბორატორიისათვის საჭირო მასალა.
შარლოტე ბრეცენდორფერმა ჩაატარა ვორკშოპი, ხოლო პროფ. პატაკი-ჰუნდტმა – პრეზენტაცია, რომლებსაც ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე მეცნიერი თანამშრომლები თამარ ჭუმბურიძე, თამარ აბულაძე, შორენა თავაძე, ნინო მეგენეიშვილი, სტუდენტი ელენე ქურდაძე, ასევე ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები ირინა გოგონაია, რეზო კლდიაშვილი, იზო ჯიქიძე და რესტავრაცია-კონსერვაიის ლაბორატორიის სხვა თანამშრომლები.
სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც უძველესი ხელნაწერების კოლექციები, ისე ძველნაბეჭდი წიგნები.
დროის სიმცირის მიუხედავად გერმანელმა სტუმრებმა ქალაქის დათვალიერებაც მოახერხეს, მათთვის მოეწყო ექსკურსია კახეთში (შუა მთა, ალავერდი,წინანდალი).