ხელნაწერებში დაცული რეცეპტების კვლევის შედეგების პრეზენტაცია
2020 წლის 11 მარტს სამედიცინო ხელნაწერებში მოცემული რეცეპტების მიხედვით, ჭარხლის (Beta vulgaris) ფოთლების გამოყენებით შემუშავებული ფარმაცევტული პრეპარატის პროტოტიპის (BVLP) შესწავლის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
BVLP-ის სპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტურობის ექსპერიმენტული შესწავლისას დადგინდა, რომ მას ახასიათებს საშუალო სიმძლავრის გასტროპროტექტორული მოქმედება კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას, რომელიც გამოწვეულია ადგილობრივი გამღიზიანებლით (ეთანოლით), ხოლო სისტემური მოქმედების აგენტებისთვის (როგორებიცაა სტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები) დამახასიათებელი დარღვევების პრევენციისთვის BVLP არაეფექტურია.
კვლევის შედეგების გაცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტში შედგა. პრეზენტაცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ფარგლებში დაიგეგმა.
შესწავლის შედეგების წარმოდგენასა და დისკუსიაში მონაწილეობდნენ კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, კარენ მულკიჯანიანი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მარინე სულაქველიძე, მეცნიერი თანამშრომელი, ჟანა ნოვიკოვა, სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლუიზა გაბუნია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, ირინა გოგონაია.
მოცემული შედეგები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მულტიდისციპლინური პროექტების მნიშვნელობასა და კომპლექსური კვლევების პერსპექტივებს.
პროექტი “სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში” ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.