მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – მატენადარანის დელეგაციის ვიზიტი
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საქმიანი ვიზიტით ეწვია მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – მატენადარანის დელეგაცია მატენადარანის დირექტორის, არა ხზმალიანის მეთაურობით.
სტუმრებს უმასპინძლა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მხარეებმა ისაუბრეს ცენტრსა და მატენადარანს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ამ ორი კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ზაზა აბაშიძემ ინფორმაცია მიაწოდა სომეხ კოლეგებს ცენტრის აღმოსავლურ და სომხურ ხელნაწერთა განყოფილების საქმიანობასა და სომხურ ხელნაწერთა კოლექციაზე.
არა ხზმალიანმა ზაზა აბაშიძე მიიწვია ერევანში არმენოლოგიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც 2024 წლის ივლისში გაიმართება. გარდა ამისა მხარეები დაეთანხმნენ ზაზა აბაშიძის ინიციატივას, რომ სომეხი და ქართველი მეცნიერები ყოველწლიურად გამართავენ ზაზა ალექსიძისა და პარუირ მურადიანის სამეცნიერო სემინარებს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტები, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერებისა და ფრაგმენტების, მეორე მხრივ კი, ცენტრში დაცული სომხური ხელნაწერების აღწერილობის მომზადებასა და პუბლიკაციას. ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა სტუმრებს გააცნეს შესრულებული სამუშაოები და დასახეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ აბულაძემ და მეცნიერ თანამშრომელმა ნინო კობაურმა სტუმრებს ცენტრში დაცული უნიკალური სომხური ხელნაწერები დაათვალიერებინეს.