ქართული კულტურის დღეები

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გამართულ ქართული კულტურის დღეებში.
პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი გამოფენა, რომელიც კუნძულ ტექსელის ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ დენბორგის მერიაში გაიმართა. წარმოდგენილმა ექსპოზიციამ საზოგადოებას გააცნო XVIII-XIX საუკუნეების ქართული საისტორიო თუ გეოგრაფიული კრებულების ცნობები ნიდერლანდების სამეფოს შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იყო უნიკალური მოქვის სახარების მულაჟი.
გამოფენა გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. დამსწრე საზოგადოებას ექსპონატები გააცნო და მათ მნიშვნელობაზე ესაუბრა ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა ნესტან ბაგაურმა. იმავე დღეს გაიმართა ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მასპინძლის, ნიდერლანდების სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის თიკა სვანიძე-ვენკოს წიგნის „ქალი სხვა სამყაროდან“ ინგლისურენოვანი გამოფენის პრეზენტაცია.
გამოფენის და წიგნის წარდგენას დაესწრნენ საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში დავით სოლომონია, საელჩოს უფროსი მრჩეველი დავით მახიტაშვილი და ბელგიასა და ნიდერლანდებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე).
ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით ზაზა აბაშიძემ ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრს საჩუქრად გადასცა ხელნაწერების ფოტოალბომი.
ტექსელზე გამართული ქართული დღეების ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები ირლანდიიდან, საფანგეთიდან, ბელგიიდან, აშშ-დან, საბერძნეთიდან.
პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის, აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის სულიერების ცენტრის მხარდაჭერით.