მიწისძვრები ძველ საქართველოში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაბეჭდილი წიგნის „მიწისძვრები ძველ საქართველოში. ქართული წერილობითი წყაროები. IV-XVIII სს “ წარდგენა.
წიგნის ავტორია დარეჯან კლდიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რედაქტორები: თამარ აბულაძე, ნოდარ ბახტაძე, ტექნიკური რედაქტორი – ნათია დუნდუა, დამკაბადონებელი – გიორგი ბაგრატიონი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: წიგნის ავტორმა დარეჯან კლდიაშვილმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სწავლულმა მდივანმა შალვა გლოველმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ოთარ ვარაზანაშვილმა, წიგნის რედაქტორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ აბულაძემ.
წიგნში „მიწისძვრები ძველ საქართველოში. ქართული წერილობითი წყაროები. IV-XVIII სს“ წარმოდგენილი მასალები და კვლევის შედეგები ავტორის მიერ შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2017-2020 წლებში განხორციელებული ინტერდისციპლინარული პროექტის „ბუნებრივი კატასტროფები სამხრეთ კავკასიაში: ისტორიული მიწისძვრები და თანმდევი ბუნებრივი მოვლენები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“ ფარგლებში. მასში ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კუთხით შესწვლილი და განხილულია IV-XVIII საუკუნეებში საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში მომხდარი ორ ათეულზე მეტი მიწისძვრა, რომელთა შესახებაც ცნობები ქართულ წერილობით და მატერიალურ საისტორიო წყაროებშია დადასტურებული.
ფოტოებით, სქემებითა და რუკებით უხვად ილუსტრირებული პუბლიკაცია განკუთვნილია ჰუმანიტარულ და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დარგებში მომუშავე სპეციალისტების ფართო წრისათვის. წარმოდგენილი მასალები გახდება საფუძველი სამხრეთ კავკასიის ისტორიული მიწისძვრების შეჯერებული დოკუმენტირებული კატალოგის მოსამზადებლად.