კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრა ცენტრის მისიასა და მიზნებზე, 2022-2023 წელს გაწეულ სამუშაოებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე; ზაზა აბაშიძემ სხდომის მონაწილეებს გააცნო ცენტრის სამეცნიერო საქმიანობა, საგანმანათლებლო-საგამოფენო პროექტები, რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები; საუბარი შეეხო ფონდების, ფონდსაცავების და ცენტრის შენობის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს; აღინიშნა, რომ ცენტრი აქტიურია საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებითაც, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებასა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება-მონაწილეობას უკავშირდება.
კომიტეტის წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ, დადებითად შეაფასეს მისი საქმიანობა და ხაზი გაუსვეს მეცნიერების განვითარებაში მის მნიშვნელობას.