ისლამი თბილისში – წიგნის პრეზენტაცია

კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (საგამოცემლო პროექტის ფარგლებში: SP-22-1050) თანადაფინანსებით დაიბეჭდა ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის – ხათუნა ბაინდურაშვილის მონოგრაფია „ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)“. წიგნის რედაქტორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მზია სურგულაძე, საგამომცემლო პროექტის კოორდინატორი – ისტორიის დოქტორი მანუჩარ გუნცაძე.

ნაშრომი ეძღვნება თბილისში ისლამისა და მუსლიმური თემის ისტორიას. წიგნში მკითხველი გაეცნობა: თბილისში ისლამის გავრცელების ეტაპებსა და აქ სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმური თემის გაჩენის პირობებს; მუსლიმური იურიდიულ-თეოლოგიური სკოლების – მაზჰაბების შემოტანისა და დამკვიდრების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ წანამძღვრებს; თბილისის მუსლიმი მოსახლეობის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე; ასევე ქართულ სოციუმში ისლამის გავრცელებისა და მუსლიმური ტენდენციების დამკვიდრების დინამიკას; ნაშრომში წარმოდგენილია იმ ქართულ-სპარსული დიპლომატიკური ძეგლების ანალიზი, რომლებიც მუსლიმურ გავლენებზე მიგვითითებენ. წიგნში ისლამმცოდნეობითი თვალსაზრისით პირველად არის შესწავლილი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები და ორიგინალური ანტიმუსლიმური პოლმიკური ნაშრომები.

ნაშრომი დახმარებას გაუწევს საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიითა და ცივილიზაციათა დიალოგის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ზოგადად, საქართველოსა და ისლამის ისტორიით დაინტერესებულ პირებს.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 2023 წლის 17 ოქტომბერს 16:30 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ელენე მეტრეველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.