მემორანდუმის გაფორმება

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ა(ა)იპ „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ თავმჯდომარემ ლანა გრძელიშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიდ სამუზეუმო დარბაზში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრისა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად სასწავლო და კულტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. თანამშრომლობის ფარგლებში, პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების რესურსების დახმარებით, შემუშავდება და განხორციელდება საგანმანათლებლო და კვლევითი ღონისძიებები (სემინარები, ლექციები, პრეზენტაციები, კონფერენციები, საინფორმაციო კამპანიები და სხვ.).
ცენტრის დირექტორმა ხელმოწერისას აღნიშნა, რომ მიესალმება „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ ინიციატივას, დააარსოს ქართველოლოგიური სკოლა-ლექტორიუმი, რომელშიც მიიღებიან როგორც სკოლის უფროსკლასელი (მე-8 კლასიდან) მოსწავლეები, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაინტერესებული სტუდენტები, რაც შეუწყობს ხელს ქართული მწერლობით, ზოგადად ქართული კულტურის ისტორიით და საქართველოს წარსულით ახალგაზრდობის დაინტერესების საქმეს.
სკოლა-ლექტორიუმში ლექტორებად მოწვეული იქნებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები – ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ფილოლოგები, ისტორიკოს – წყაროთმცოდნეები და არქივმცოდნეები. სწავლების პერიოდში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ცენტრის, აგრეთვე საქართველოს მუზეუმების უნიკალურ საგანძურს, ეწვიონ ისტორიულ ძეგლებს, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინებში, გამოფენებში და სხვ.
ხელმოწერის ცერემონიალის დასასრულს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ წარმატება უსურვა „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის“ წევრებს, აღნიშნა სკოლა-ლექტორიუმის მნიშვნელობა მომავალი თაობისთვის და ყოველმხრივი ხელშეწყობა აღუთქვა მათ ამ საქმიანობაში.