სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრად ეწვია სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი აშოტ სმბატიანი.
სტუმარმა დაათვალიერა ცენტრში დაცული ქართული და სომხური ხელნაწერების კოლექციები, შეხვდა ცენტრის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილების თანამშრომლებს, რომლებმაც გააცნეს ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა არმენოლოგიის სფეროში.
გაიმართა შეხვედრა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან ზაზა აბაშიძესთან. ზაზა აბაშიძემ სტუმარს გააცნო სომხეთის შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებთან ხელმოწერილი მემორანდუმები და მათთან თანამშრომლობის პერსპექტივები. სომხეთის ელჩმა, საელჩოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ა.წ. მარტში ზაზა აბაშიძის მიერ გამოთქმულ იდეას, რომ საქართველოს და სომხეთის ჰუმანიტარული პროფილის ინსტიტუტებმა ყოველწლიურად ჩაატარონ სამეცნიერო სემინარები ქართული და სომხური ხელნაწერთმცოდნეობის, ზოგადად ფილოლოგიის, ისტორიის და წყაროთმცოდნეობის სფეროში და, მიუძღვნან ეს სემინარები ცნობილი მეცნიერების ზაზა ალექსიძის და პარუირ მურადიანის ხსოვნას („ალექსიძე–მურადიანის საერთაშორისო სემინარი“). საუბარს ესწრებოდნენ ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი თამარ აბულაძე, ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი დალი ჩიტუნაშვილი და საქართველოში სომხეთის საელჩოს თანამშრომელი დავით მკრტჩიანი.