ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, ცისანა აბულაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ქართველი აღმოსავლეთმცოდნის, ცისანა აბულაძის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ქალბატონ ცისანას მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ქალბატონმა ცისანა აბულაძემ მილოცვები მიიღო სამეცნიერო წრის წარმომადგენლებისა და მისი მოწაფეებისგან.
კონფერენცია მოიცავდა აღმოსავლური ხელნაწერების თემატიკას. მოხსენებები წაიკითხეს, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა, ასევე სხვა სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
ცისანა აბულაძე ოსმალური ხელნაწერების გამორჩეული მკვლევარია საქართველოში. 60 წელზე მეტია რაც ოსმალურ ხელნაწერებზე მუშაობს. მისი ავტორობით გამოცემულია ისეთი წიგნები, როგორიცაა: „სულხან-საბა ორბელიანის სიტყვანის თურქული თარგმანები“, ხელნაწერთა ინსტიტუტის არაბულ, თურქულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი, „თურქული წყაროები XVI საუკუნის I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის“. არის 6 წიგნისა და 60-მდე სტატიის ავტორი.