ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ზაზა აბაშიძემ შეხვედრა გამართა ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ავადთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ცენტრში დაცული აღმოსავლური ხელნაწერების სამეცნიერო შესწავლის, დიგიტალიზაციისა და რესტავრაციის მიმართულებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღინიშნა ქართველ მეცნიერთა კვლევების პოპულარიზაციისა და გავრცელების მნიშვნელობა შეერთებული შტატების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
აღსანიშნავია, რომ ილინოისის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი ქართველოლოგიური კვლევების პროგრამის განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, რა მიზნითაც იგი სამომავლოდ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ითანამშრომლებს.