აკადემიკოს ზაზა ალექსიძის მემორიალური კაბინეტის გახსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცნობილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ფართო პროფილის წყაროთმცოდნისა და ტექსტოლოგის, ქართული, სომხური და ალბანური პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის, ქრისტიანული კავკასიის ისტორიის, კულტურისა და რელიგიის ისტორიის მკვლევრის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის მემორიალური კაბინეტი გაიხსნა.
მემორიალური კაბინეტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში ზაზა ალექსიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მან ზაზა ალექსიძის უდიდეს დამსახურებაზე ისაუბრა და დიდი გულისტკივილი გამოთქვა რომ ქვეყანამ ასეთი დიდი მეცნიერი დაკარგა.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი რობერტ ღაზარიანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი დალი ჩიტუნაშვილი, ზაზა ალექსიძის მოწაფეები, პროფესორები ნათია ჩანტლაძე და ნინო აფციაური, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მაია რაფავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიკოს ზაზა ალექსიძის ოჯახის წევრები.