წიგნის „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული კულტურა და ხელნაწერი წიგნი ქრისტიანულ შუა აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“ პრეზენტაცია.

5 თებერვალს მწერალთა სახლში გაიმართა წიგნის „Medieval Georgian Literary Culture and Book Production in the Christian Middle East and Byzantium“, Münster: Aschendorff Verlag, 2022 („შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურული კულტურა და ხელნაწერი წიგნი ქრისტიანულ შუა აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში“) პრეზენტაცია. ავტორები: ზაზა ალექსიძე, ნიკოლოზ ალექსიძე, დარეჯან კლდიაშვილი, მაგდა მჭედლიძე, თამარ ოთხმეზური, თამარ პატარიძე, მაია რაფავა, თინა ქრონცი, დალი ჩიტუნაშვილი, თინა ცერაძე, ანა ხარანაული; რედაქტორი: თამარ ოთხმეზური; ინგლისურად თარგმნეს მანანა ოდიშელმა და მაიკლ ვიკერსმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა ამ წიგნის უცხოეთში ინგლისურ ენაზე გამოცემა სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია ევროპული ქართველოლოგიის შემდგომი განვითარების გზაზე. პრაქტიკულად ეს არის ერთადერთი და პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელ მეცნიერებს და ზოგადად, მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს თანამედროვე ქართველი მეცნიერების, ძირითადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრების მიერ მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ ნაშრომს ძველ ქართულ ლიტერატურაზე, ხელნაწერებსა და უცხოეთში არსებულ ქართულ სამწერლობო კერებზე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის სახელზე გამოგზავნილ წერილში ამ წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი, გერმანელი პროფესორი ჰ. ბრაკმანი აღნიშნავს: „ეს წიგნი წარმატებით შეუწყობს ხელს იმ ხარვეზის აღმოფხვრას, რომელიც არსებობს დასავლურ მეცნიერებაში შუა საუკუნეების ქართულ კულტურასთან დაკავშირებით. ჩემთვის არ არის ცნობილი ამ ტიპის არცერთი წიგნი, რომელიც ქართველოლოგიის განვითარებას ასე თვალსაჩინოდ მოემსახურება“.
პრეზენტაცია გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი სცა ახლახან გარდაცვლილი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის ხსოვნას.
წიგნი სტუმრებს წარუდგინა რედაქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თამარ ოთხმეზურმა. სიტყვით გამოსულმა ქართველმა მეცნიერებმა – ნიკოლოზ ალექსიძემ, ნინო დობორჯგინიძემ, თინა დოლიძემ, დალი ჩიტუნაშვილმა და ანა ხარანაულმა – მაღალი შეფასება მისცეს წიგნს და აღნიშნეს მისი მნიშვნელობა ევროპული ქართველოლოგიისათვის.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი მანანა ოდიშელი (ოქსფორდი) და ინგლისური ტექსტის რედაქტორი მაიკლ ვიკერსი (ოქსფორდი), რომელიც ამავდროულად არის საქართველოში აკადემიური კვლევების მეგობართა საზოგადოების (Friends of Academic Research in Georgia) ხელმძღვანელი.