საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელის ვიზიტი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს 23 აპრილს ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი. იგი გაეცნო ცენტრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობას და უკვე
შესრულებული სამუშაოების შედეგებს. მინისტრმა დაათვალიერა გარემონტებული საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი, შენობის მეოთხე სართულზე, ახლად აშენებულ სივრცეში გადატანილი ცენტრში არსებული მემორიალური კაბინეტების
დიდი ნაწილი (ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, შ. ამირანაშვილის, ნ. ბერძენიშვილის კაბინეტები) და ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის ამავე სივრცეში განთავსებული პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, რომელიც ცენტრს სულ ახლახან შესწირა მისმა ოჯახმა.
მინისტრმა ასევე დაათვალიერა ძველ ქართულ ხელნაწერთა საცავი და იშვიათ გამოცემათა კაბინეტი. ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მხრიდან ცენტრს ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვა, განსაკუთრებით კი, საცავებისთვის ახალი შენობის აგებისა და ხელნაწერების დიგიტალიზაციისთვის საჭირო უახლესი ტექნიკის შეძენის კუთხით.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ბატონ ზაზა აბაშიძესთან საუბრისას მინისტრმა გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება განსახორციელებელ პერსპექტიულ პროექტებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც ცენტრს სრული თანადგომა აღუთქვა.