ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ – 2020

„ნოტებად ქცეული გმირობა – ხელნაწერთა კვალდაკვალ“

    XV საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ წელს ოქტომბერში ტარდება და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უკვე ტრადიციულად მისი პარტნიორია.
    ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას შესთავაზა მუსიკალური ხელნაწერების მრავალფეროვანი კოლექციის ფოტოასლები. 6 ოქტომბერს გია ყანჩელის სახელობის ბაღში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა: X საუკუნის საოცარი ხელნაწერი – მიქაელ მოდრეკილის იადგარი, რომელმაც შემოგვინახა უძველესი სანოტო ნიშნები – ნევმები, X-XI საუკუნეების საგალობლების უნიკალური კრებული, საქართველოში სამ ხმად ჩაწერილი ქართული გალობის ყველაზე ადრეული ნიმუში – დავით ჩიჯავაძე-მიხაილოვის მიერ შექმნილი კრებული “იოანე ოქროპირის წირვის წესი“ (1863 წ.), ექვთიმე კერესელიძისა და ფილიმონ ქორიძის მიერ გადარჩენილი და ნოტებით ჩაწერილი ქართულ საგალობელთა კრებულები.