ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვიზიტი სანკტ-პეტერბურგში

2019 წლის 11 ივნისს ქ. სანკტ-პეტერბურგში,სახელმწიფო ერმიტაჟის საბჭოს დარბაზში სახელმწიფო ერმიტაჟსა და კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების კვლევასა და ერთობლივად გამოცემას, რესტავრაციის და კონსერვაციის სფეროში ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებას, კონფერენციების და სემინარების ჩატარებას. მემორანდუმის ხელმოწერა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ერმიტაჟის დირექტორის მოადგილეები და განყოფილებათა ხელმძღვანელები. სიტყვით გამოსვლისას ერმიტაჟის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა მიხეილ პიოტროვსკიმ ისაუბრა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სამეცნიერო დაწესებულებასთან თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე და გამოთქვა მზადყოფნა ახლო მომავალში გამართოს ერმიტაჟში “თბილისის დღე”, რომლის დროსაც გამოიფინება ერმიტაჟში არსებული მასალა საქართველოს დედაქალაქზე. საპასუხო სიტყვით გამოვიდა კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, რომელიც მიესალმა ერმიტაჟის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ ქართველი მეცნიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ერმიტაჟის საცავებში დაცული ქართული მასალის შესწავლის გაგრძელება და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ხელნაწერების აღწერის და კრიტიკული გამოცემების თვალსაზრისით. დასასრულს მ.პიოტროვსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მხარის დაინტერესების შემთხვევაში ერმიტაჟი მზად არის მოაწყოს “ერმიტაჟის დღე” თბილისში რაც მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა იქნება, როგორც თბილისისთვის ასევე, სანკტ-პეტერბურგისთვის. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ პეტერბურგის მასმედიის წარმომადგენლები. აღნიშნულ ღონისძიებას სპეციალური რეპორტაჟები მიუძღვნეს სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივმა ტელეარხებმა.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2430875006968883