ქართული ხელნაწერების შესახებ დელ ბიანკოს ფონდის სიმპოზიუმზე

1-3 მარტს იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გაიმართა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის საერთაშორისო სიმპოზიუმი და 21-ე საერთაშორისო გენერალური ასამბლეა. აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა, როგორც მშვიდობის მშენებელი“. მასში ხუთივე კონტინენტის 42 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდი“ (იტალია). სიმპოზიუმის ღონისძიებების პარტნიორები იყვნენ ისეთი უმსხვილესი ინსტიტუციები, როგორიცაა: UNESCO, ICOMOS, ICOM, UNWTO. საქართველო წარადგინა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის საერთაშორისო ექსპერტმა და ფონდის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ქალბატონმა ბელა კოპალიანმა (მინისტრის პირველი მოადგილე – აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში). მან მოხსენების ფარგლებში, ქართული კულტურის მნიშვნელობისა და კონფლიქტურ რეგიონებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის პრობლემატიკის პარალელურად, ისაუბრა ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე. ამასთან, ფონდის პრეზიდენტსა და სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ალბომები: „ქართული ხელნაწერი“ და „ქართული კალიგრაფია“ ინგლისურ ენაზე. ქალბატონი ბელა კოპალიანის შეფასებით: „ღონისძიებების ფარგლებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულმა უნიკალურმა ბეჭდურმა მასალამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის ქვეყანას. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობას დამსწრეთა მხრიდან მიეცა მაღალი შეფასება და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალ წელს, 2020 წლის 22-ე გენერალურ ასამბლეაზე მოეწყოს ქართული ხელნაწერების გამოფენა ფლორენციაში.“

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2277692382287147