21 დეკ უმაღლესი განათლების მხარდასაჭერად
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დასრულდა სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის მაგისტრანტების პრაქტიკული სწავლების კურსი (პროგრამა მოქმედებს ცენტრსა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში). 2 თვის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ ცენტრის ფონდებში დაცულ ისტორიულ დოკუმენტებსა და საარქივო მასალას; XVII ს-ის სიგელების საფუძველზე დაეუფლნენ წერილობით სიძველეთა აღწერისა და კვლევის საქმეს. პრაქტიკულ კურსს უძღვებოდა ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნესტან ჩხიკვაძე. 9 ივნისს კ. კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში შედგა სტუდენტთა ნაშრომების პრეზენტაცია. კურსის წარმატებით გავლის აღსანიშნავად ცენტრმა სტუდენტები დაასაჩუქრა ქართულ-ბერძნული ილუსტრირებული ხელნაწერის ალბომითა და სამახსოვრო მაისურებით, მიიწვია ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტების გამოფენაზე.
