ელენე მეტრეველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
13-14 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტარდება ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გაიხსნა 13 დეკემბერს 12. 00 საათზე. პირველ დღეს მოხსენებები ელენე მეტრეველის მოღვაწეობას შეეხო, მეორე დღეს კი მოვისმენთ მოხსენებებს იმ სფეროში, რომელშიც ელენე მეტრეველი მოღვაწეობდა: ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, ჰიმნოგრაფია, შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები, არქეოგრაფია, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები. კონფერენციაში ოცდაათამდე მეცნიერი იღებს მონაწილებას. აკად. ელენე მეტრეველი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ძველი ქართული კულტურისა და მწერლობის ისტორიის მკვლევარი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორი, 1958-1968 წწ-ში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის (დღევანდელი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) არქეოგრაფიის განყოფილებას; 1968-1988 წწ-ში იყო ამ ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1988 წ-დან გარდაცვალებამდე ¬¬- ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. ელენე მეტრეველი იკვლევდა ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურათმცოდნეობის, არქეოგრაფიის, კოდიკოლოგიის, ლექსიკოლოგიის საკითხებს, ავტორია ასოცდაათი სამეცნიერო გამოკვლევისა, რომელთა შორის თხუთმეტი მონოგრაფიაა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ადრებიზანტიური პერიოდის ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევის საქმეში. ელენე მეტრეველის მრავალწლიანი კვლევის შედეგები შეჯამებულია მის მონოგრაფიებში: ”უძველესი იადგარი”, „ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან“ და „ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი“. პარიზის ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის შემსწავლელ ცენტრთან მისი თანამშრომლობის შედეგად გამოიცა ივირონის ბერძნულენოვანი აქტების ოთხტომეული „Actes d’Iviron“. სირია-პალესტინურ ქართულ სამონასტრო კერათა კვლევისათვის საეტაპო მნიშვნელობა აქვს მის მონოგრაფიას „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVIII სს.)“. მნიშვნელოვანია ელენე მეტრეველის როლი ქართული ხელნაწერების აღწერის საქმეში. იგი აქტიურად იყო ჩართული ხელნაწერთა აღწერის მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში, აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან, ახლო სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ევროპელ ორიენტალისტებთან და ბიზანტინისტებთან, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა უცხოეთის აკადემიურ წრეებში. ელენე მეტრეველის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო იყო შუა საუკუნეების ქართველ მწიგნობართა მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქრისტიანული აღმოსავლეთის სამონასტრო ცენტრებში. სწორედ მისი მოღვაწეობის ამ სფეროს ეხმაურება გამოფენა: უცხოეთში გადაწერილი ქართული ხელნაწერები (X-XVIII სს.). გამოფენა 13 დეკემბერს 15.00 სთ-ზე გაიხსნა და ორი დღე გაგრძელდება.