მოქვის სახარების ალბომის პრეზენტაცია

20 მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი (ქართული, აფხაზური, ინგლისური) ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. 
 
წიგნი გამოიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით. 
 
მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული გამოცემა ინარჩუნებს ხელნაწერის აუთენტურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატურის რეპროდუქციას. 
მოქვის სახარება, უნიკალური ისტორიული ძეგლი და ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. ოთხთავი გადაწერილია 1300 წელს აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში, დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი ცნობილია თავისი მდიდრული ტრადიციული ქართული ორნამენტებითა და მინიატიურებით. ხელნაწერში 329 ფურცელი, 160 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 531 მოხატული საზედაო ასოა. ტექსტი შესრულებულია ნუსხურით.
 
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1945 წელს დაბრუნდა. ამჟამად მოქვის ოთხთავი დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში.