კორნელი კეკელიძის სემინარი
Posted at h
in სიახლეები
18 მარტს, 15:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე ლია ქაროსანიძე წაიკითხავს მოხსენებას:
ბგერათა კლასიფიკაცია დიონისე თრაკიელის „გრამატიკის ხელოვნების“ კომენტარების მიხედვით
ბერძნული გრამატიკული სქოლიოების – Crammatici Graeci – მესამე ტომი შეიცავს დიონისე თრაკიელის გრამატიკის სქოლიოებს – Scholia in Dionysii Thracis Artem Grammaticam. აქ შესულია სქოლიოთა სამი კოლექცია: ვატიკანური, ვენეციური და ლონდონური. სქოლიოთა ავტორები არიან: მელამპოდე, დიომედე, ჰელიოდორე, სტეფანე, პორფირი, ტრიფონი და სხვები. საინტერესოა ასევე. წ.ბიზანტიელის კომენტარები – Commentariolus Byzantinus. კომენტატორები დაწვრილებით განიხილავენ ანბანის წარმოშობისა თუ მეტყველების ნაწილთა ჩამოყალიბების ისტორიას, ბრუნვათა სახელწოდებებსა თუ ბგერათა კლასიფიკაციას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხს. სქოლიოები არ არის თარგმნილი არცერთ ევროპულ ენაზე. ჰილგარდის მიერ გამოცემული ხუთას გვერდიანი ნაშრომი უაღრესად საინტერესოა ქართული ენათმეცნიერული აზრის ისტორიის კვლევის თვალსაზრისით. ამწყაროებზე დაყრდნობით კვლევა საბოლოოდ უარყოფ სქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არცთუ შორეულ წარსულში არსებულ მოსაზრებას ქართული გრამატიკული აზროვნების მე-18 საუკუნეში შექმნისა და მისი სომხურობიდან მომდინარეობის შესახებ.
მოხსენებაში კომენტარების ჩვენეულ თარგმანებზე დაყრდნობით განვიხილავთ სხავადასხვა კომენტატორთა ვრცელ განმარტებებს ხმა-ბგერის, ასონიშნებისა და ასოსტიქიონთა შესახებ. ტერმინ ასოსტიქიონს ვიყენებთ ბერძნული სტოიხეიონის, როგორც გრამატიკული ტერმინის, გადმოსაცემად (სტოიხეიონი, როგორც ცნობილია, უპირველესად ფილოსოფიური ტერმინია). საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ მოხსენებაში, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- ხმა-ბგერის (ფწნჰვ) გაგებისათვის ბერძნულ წყაროებში;
- ასოსტიქიონი – ადამიანის პირველი და განუყოფელი ხმა;
- ასოსტიქიონი და ასონიშანი;
- ხმოვნები და თანხმოვნების განსაზღვრება, განრიგება (კლასიფიკაცია) ბერძნული წყაროების მიხედვით: „ხმოვანი სულია, თანხმოვანი – სხეული. სული არსებობს სხეულის გარეშე, ასევე ხმოვანიც, თავისთავად წარმოითქმება, თანხმოვანი კი მხოლოდ ხმოვანთან შეწყობილი ქმნის ხმას ისევე, როგორც სული სხეულთან შეერთებით ქმნის ცოცხალ არსებას“.
- ასონიშანთა შექმნის ისტორია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
ტელ: 2 47 42 42 (106)
ელ–ფოსტა: exb.adu@manuscript.ac.ge