გამოფენა – ივანე ჯავახიშვილი და სამართალი
ივანე ჯავახიშვილი და სამართალი 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმმა და იურიდიული ფაკულტეტმა, გახსნა გამოფენა: ივანე ჯავახიშვილი და სამართალი. 20 ოქტობერს 16:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფები გამოიფინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გალერეაში. (ი. ჭავჭავაძის №1). სამართლის ისტორიის კვლევის ამსახველ საარქივო დოკუმენტებთან ერთად საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ეხილა ივანე ჯავახიშვილის პირადი ნივთები და საბიბლიოთეკო იშვიათობად ქცეული მისი გამოცემები, ავტორისეული მინაწერებითა და შენიშვნებით. დამთვალიერებელს ასევე საშუალება ჰქონდა თვალი მიედევნებინა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ საინტერესო ფოტოებს. ყოველ ეპოქაში სახელმწიფოს მოწყობისა და მისი რაობის განმსაზღვრელი სამართლებრივი საფუძლები იყო, ამიტომ სამართალწარმოების ტრადიცია, ორიგინალური სამართლებრივი ძეგლები, სასამართლო აქტები და განჩინებები, ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავდა. ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ იკვლევდა საქართველოში სამართლის ისტორიას, სამართლებრივ ტერმინოლოგიას, სამართლის დარგში შექმნილ ცალკეულ თხზულებებს, სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვ. ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობის ეს მხარე ცნობილია როგორც ისტორიკოსების, ისე იურისტებისა და სამართლის ისტორიკოსებისათვის, თუმცა ამ უმნიშვნელოვანესი კვლევების ამსახველი ჩანაწერები, სამართლევრივი ტერმინოლოგიისა თუ საგულისხმო აქცენტების ათასობით ბარათი, სამართლის ისტორიის სამუშაო ვერსიები ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. ეს საარქივო ჩანაწერები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში – ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში და ნათლად ასახავს თუ რა კოლოსალური შრომა ჩაუტარებია ივანე ჯავახიშვილს ქართული სამართლის ისტორიის დღეს უკვე სამაგიდო წიგნებად ქცეულ ამ გამოკვლევებში. გამოფენა 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და დასწრება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.