ისტორიის მწვანე ფურცლები
21 მარტს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი ისტორიული საბუთები ტყის შეწირვის, ტყით სარგებლობის შესახებ, სასამართლო დავების ჩვენებები, რომლებზეც განიხილებოდა ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები, ტყის იჯარით აღებისა და შეშით სარგებლობის წესები. ასევე ხელნაწერები და მინიატურები, სადაც გამოსახულია ტყის საფარის შექმნა, ფლორა და ფაუნა.
გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. მოგვიანებით მინისტრმა და ფონდ Your Forest-ის წარმომადგენლებმა ცენტრის საცავში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელნაწერი დაათვალიერეს.
გამოფენა 28 მარტამდე გაგრძელდება და სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩაერთონ და ცოტა ხნით თვითონ გახდნენ ცენტრის მკვლევარები, რაც გულისხმობს გამოფენილი მასალის შესწავლასა და შემდეგ საგანგებოდ შედგენილი კითხვარების შევსებას.