ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში
საგამოფენო-საგანმანათლებლო
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით მოამზადა საგამოფენო პროექტი „ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში“. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა უზენაესი სასამართლოს საგამოფენო სივრცეში მხოლოდ საგანგებო სტუმრებისათვის. გამოფენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ექსპოზიციის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის მიზნით გამოფენა საგანმანათლებლო პროგრამით, 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეფეების: თამარის, გიორგი III-ის, ლაშა-გიორგის, ერეკლე II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების მიერ გაცემული სიგელები მათ ხელმოწერებით. ეს გამორჩეული მნიშვნელობისა და, ხშირ შემთხვევაში, იურიდიული დატვირთვის მქონე ავტოგრაფები შემორჩენილია: მეფეთა მიერ გაცემულ სიგელებსა და განკარგულებებზე, რომლებიც უმეტესწილად უნიკალურად გაფორმებულ ნიმუშებს წარმოადგენს.
საგანმანათლებლო პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის:
მოსწავლეებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჯგუფურ სამუშაოში, რომელიც ითვალისწინებდა დაკვირვებულ მუშაობას წარმოდგენილ ისტორიულ საბუთებთან. ამას გარდა, მათ შეძლეს თავად შექმნათ ისტორიული დოკუმენტი (სიგელი, ბრძანება, წყალობა და სხვ.);
გამოფენის ფარგლებში სტუდენტებისათვის გაიმართა საგანგებო ლექცია სახელწოდებით:
„ხელმოწერა – ძალა ისტორიასა და სამართალში“