ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში (ელექტრონული ბაზის შექმნა)

პროექტის დასახელება:  ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში (ელექტრონული ბაზის შექმნა)

დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ტექსტოლოგია, ფილოლოგია.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი:ირაკლი სიმონია

პროექტის შემსრულებლები:  ირაკლი სიმონია ციცინო სიმონია თამარ აბულაძე ლია სამყურაშვილი ნესტან ჩხიკვაძე გიორგი მელაძე

დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები: 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „ასტრონომიული ხელნაწრები საქართველოში“, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით, გულისხმობდა საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული  ქართული, სპარსული და არაბული ასტრონომიული ხელნაწერების კვლევას, სისტემატიზაციასა და კატალოგიზაციას; ელექტრონული (ვებ-გვერდი, ინტერაქტიური მონაცემთა ბაზა) და ბეჭდური მასალის (ბროშურები, კატალოგი) მომზადებას; მიღებული მონაცემების ფართო სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას.

პროქტის მიმდინარეობისას განხორციელდა შემდეგი სამუშაოები: ხელნაწერების მიმოხილვა და ანალიზი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, პარალმენტის ბიბლიოთეკის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის მუზეუმების, საზღვარგარეთის ქართული სამეცნიერო კერების /ათონი, სინა, იერუსალიმი, სანკტ-პეტერბურგი/) ფონდებიდან; ჩატარდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ხელნაწერთა ექსპრეს-ანალიზი; გამოვლინდა 360 ასეთი ხელნაწერი, მომზადდა მათი ბიულეტენები; სპეციალური პროგრამის საშუალებით, ხელნაწერებში დაცული ასტრონომიული ინფორმაციის საფუძველზე,  ჩატარდა ასტრონომიული მოვლენებისა და წარსულის ვარსკვლავური ცის კომპიუტერული მოდელირება; გამოიცა ორენოვანი ინტერაქტიური მონაცემთა ბაზა „ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში“ (DVD დისკებზე), ამავე სათაურის ორი ბროშურა (პროექტის განხორციელების შედეგები, ბიულეტენები); ინტერნეტ-სივრცეში განთავსდა ვებ-გვერდი – astronomicalmanuscripts.ge

       პროექტის ფუნდამენტურ შედეგებს განეკუთვნება:

  1. შეუსწავლელი და ნაკლებად შესწავლილი ქართული, სპარსული და არაბული ასტრონომიული ხელნაწერების შინაარსის აღწერა, განმარტება;
  2. გამოკვლეულ ხელნაწერებში ასტრონომიის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაცემების, თვალსაზრისების, მეთოდების, ფაქტებისა და სახელების გამოვლენა;
  3. აქამდე უცნობი ასტრონომიული ხელნაწერების მიკვლევა;
  4. რეფერენს-წყაროების შექმნა შემდგომი კვლევისათვის (ინტერაქტიური მონაცემთა ბაზა, ვებ-გვერდი, ბეჭდური კატალოგი).

პროექტის განხორციელების ზოგადი შედეგი ისტორიული ასტრონომიის ახალი ცოდნითა და ფაქტობრივი მასალით გამდიდრებაა, რაც მიიპყრობს საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების ყურადღებას და ბიძგს მისცემს საქართველოში დაცული ასტრონომიული ხელნაწერების შემდგომ კვლევას.

საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული IX-XIX საუკუნეებით დათარიღებული ქართული, სპარსული და არაბული ასტრონომიული ხელნაწერები ასახავს ქართული, ელინურ-ბიზანტიური და მუსლიმური ასტრონომიული მეცნიერების მიღწევებს; მეცნიერული ცოდნის ტრანსფორმაციის გზებსა და შედეგებს; დაფიქსირებულია

თანადროული და ისტორიული ასტრონომიული მონაცემები, აღმოჩენები, მნათობთა მოძრაობის თეორიები; სამყაროს აგებულების სისტემები, ვარსკვლავთა კატალოგები და სხვ., აღნიშნული ხელნაწერები, როგორც  პირველწყარო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს ასტრონომიის ისტორიის შესწავლის საქმეში. ქართულ ასტრონომიულ და ასტროლოგიურ მასალას იკვლევდნენ და იკვლევენ ა.შანიძე, ე.ხარაძე, გ. ცხაკაია, გ. გიორგობიანი, გ. თევზაძე, რ. ჩაგუნავა, ი. სიმონია; მათი შრომები ეძღვნება, როგორც ცალკეული ასტრონომიული ხელნაწერის შესწავლას, ისე ძველი ქართული ასტრონომიული მსოფლმხედველობის განვითარებას.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ რამდენიმე ათეულ არაბულ და სპარსულ ასტრონომიულ ხელნაწერს შემოუნახავს მუსლიმური აღმოსავლეთის ე. წ. „ოქროს ხანის“ პერიოდში შექმნილი მუსლიმი მეცნიერების შრომები. ეს ხელნაწერები დღემდე უცნობია და შეუსწავლელია მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით.

შემსრულებელთა ჯგუფმა მოამზადა და გამოაქვეყნა სტატიები: „ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში“ (ბიულეტენები), თბ., 2015 წ., 24 გვ.; „ასტრონომიული ხელნაწერები საქართველოში“ (ქართულ არაბულ და სპარსულ ხელნაწერთა კატალოგი), თბ., 2015 წ., 48 გვ.; მონაცემთა უნიკალური ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბაზა DVD ფორმატში (დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში). მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია ქართული, სპარსული და არაბული ხელნაწერების, მათ შორის ტრაქტატების, კალენდრების, ვარსკვლავთა კატალოგების და სხვათა მოკლე აღწერილობები ვიზუალური მასალის დართვით; ასევე, ბიზანტიური, რუსული, ლათინური და სომხური წყაროებიდან თარგმნილი მასალის აღწერილობა. ბაზა მოიცავს სპაციალურ ტერმინთა ლექსიკონს, ინტერნეტ-რესურსებს, ხელნაწერთა ტექსტებს და სხვ. აღნიშნული მონაცემთა ბაზა წარმოადგენს პირველ სისტემურ ნაშრომს საქართველოში დაცული ასტრონომიული ხელნაწერების შესახებ. მისი საშუალებით საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა მისაწვდომი გახდება ქართველი და უცხოელი მეცნიერებისათვის.

შესწავლილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ეროვნულ არქივსა და საქართველოს სხვა სიძველეთსაცავებში დაცული ის ქართული (300 ერთ.), სპარსული (31 ერთ.) და არაბული (28 ერთ.) ხელნაწერები, რომლებიც ასახავენ ძველ კოსმოლოგიურ წარმოდგენებს, კოსმოლოგიურ მოდელებსა და თეორიებს, კალენდარულ-ქრონოლოგიურ სისტემებს, სფერული ასტრონომიის სასწავლო-პრაქტიკულ საშუალებებს.