“უძველესი მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა” – პროექტის პრეზენტაცია
2014 წლის 12 სექტემბერს, 14:30 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის: „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)’’ პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე გამოიფინა XII საუკუნის, ბეშქენ ოპიზრის მიერ მოჭედილი ბერთის სახარება.
პროექტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით 6 თვის განმავლობაში განხორციელდება.
ღონისძიებას ა.შ.შ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, იტალისს საელჩოს კულტურის ატაშე ნიკოლეტა დაგა, კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი დაესწრნენ. მხარეებმა ღონისძიებაზე პროექტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ უნიკალურ ძეგლებთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ყდაში ჩასმულ XI-XIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებს. მათ შორის აღსანიშნავია ტბეთის, წყაროსთავისა და ბერთის სახარებები, რომელთა ყდები მოჭედილია ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ.
ქართული ჭედური ყდების ამ უნიკალური ნიმუშების მიმართ კვლევითი და საექსპოზიციო ინტერესი საკმაოდ დიდია.
ძეგლთა უმეტესობას აღენიშნება ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანებები. ლითონის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარდა ვიზუალურად შესამჩნევი დაზიანებებისა, შესაძლებელია ჭედურ ყდებში მიმდინარეობდეს თვალისათვის შეუმჩნეველი ისეთი პროცესები, რომლებმაც, თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, შეიძლება დააზიანოს ხელნაწერი წიგნის შემადგენელი სხვა ნაწილები, როგორიცაა ხის დაფა, ტყავი, რვეულებად აკინძული კორპუსი, ეტრატი, ოქროთი დაფერილი მინიატიურები და ა.შ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლები წლების მანძილზე მუშაობენ ხელნაწერების, დაზუსტებით კი, ქაღალდის რესტავრაციაზე. სამწუხაროდ, ცენტრი არ ფლობს შესაბამის სპეციალურ აღჭურვილობას, რათა დადგინდეს ჭედური ყდების დაზიანების მიზეზები, განისაზღვროს პრევენციული ღონისძიებები და კონსერვაციის მეთოდები. 2012 წელს განხორციელებულმა გეგმიურმა მონიტორინგმა გამოავლინა ხარვეზები და პრობლემი, რამაც დღის წესრიგში დააყენა ჭედური ყდების რესტავრაციის საკითხი.
აქედან გამომდინარე, მომზადდა პროექტი „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)“, რომელიც ითვალისწინებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული XI-XIII საუკუნეების მოჭედილყდიანი ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლას, დიაგნოსტიკას და კონსერვაციის მეთოდის განსაზღვრას მათი შემდგომი კონსერვაციისა და დაცვის, პოპულარიზაციისა და პროპაგანდისათვის.
კვლევითი პროცესი წარიმართება იტალიელი რესტავრატორისა და ქართველი გემოლოგის მონაწილეობით. შედეგად მოხდება დაზიანებების კომპეტენტური შეფასება და განისაზღვრება დაზიანებული ჭედური ყდების კონსერვაციის მეთოდოლოგია.
პროექტის ფარგლებში მომზადდება ორენოვანი ალბომი, რომელიც განკუთვნილი და საინტერესო იქნება როგორც სპეციალისტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.