ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე
30 ივნისს, 17 საათიდან 21 საათამდე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა დაწესებულების დაარსების დღესთან დაკავშირული ღონისძიებები.
„ჩვენ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი’’ – ასე ერქვა გამოფენა-პრეზენტაციის ფორმატით წარმოდგენილ ცენტრის საქმიანობის ანგარიშს.
ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ ეხილათ ცენტრის სამეცნიერო, კულტურული და საზოგადოებრივი საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი საილუსტრაციო მასალა, სხვადასხვა სივრცეებში ლოკალიზებული ფოტოგამოფენები, ბოლო წლების განმავლობაში შემოწირული ხელნაწერები, ცენტრის გამოცემები.
სტუმრები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს – კალიგრაფიის კონკურსს, სტაჟირებისა და სტიპენდიის პროგრამებს. სპეციალურად ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის გაიმართა წიგნის რესტავრაციის ვორქშოფი, სადაც მიიღეს ინფორმაცია წიგნთან ურთიერთობის წესების შესახებ.
მოეწყო სპეციალური კუთხე, სადაც შესაძლებელია ცენტრის ელექტრონული ბაზებისა და რესურსების გაცნობა. ნაჩვენები იყო ცენტრის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმები და სიუჟეტები.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცა შესაძლებლობა გაეცნო ცენტრის სამომავლო გეგმები, საჯარო ინფორმაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და სხვ.
მოწვეულმა სტუმრებმა გამოფენა დაათვალიერეს, შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებს და მათ საქმიანობას გაეცნენ. აქვე, თამარ სანიკიძემ ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი შენობის საპროექტო სამუშაოებს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ცენტრის შენობა საჭიროებს გამოცვლას.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შოთა რუსთაველის თეატრი, კომპანია “აქვა გეო”, კომპანია “პეპსი” და სხვ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, სტუმარს და მათ ვინც ვერ შეძლო ღონისძიებაზე დასწრება მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, დაარსების თარიღის მოლოცვისა და დაფასებისთვის!!!