გიორგი სისაურის შემოქმედების პრეზენტაცია

2014 წლის 28 აპრილს, 17:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრის, კალიგრაფისა და მწერლის, გიორგი სისაურის შემოქმედების პრეზენტაცია.

ახალგაზრდა შემოქმედთან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობა 2010 წელს კალიგრაფიის კონკურსის შედეგად დაიწყო. კონკურსის შესარჩევ ტურში 10 000 ნაშრომს შორის VIII კლასელი გიორგის ნამუშევარი ნამდვილი აღმოჩენა იყო ორგანიზატორებისათვის.

18 წლის გიორგი უკვე 3 წიგნის ავტორია:
‘’მათხოვრის დღიურები’’ (პირველი პროზაული ნამუშევარი. გამომცემლობა “არტანუჯი” 2011 წ).;
უსათაურო ლექსების კრებული (2012წ) და ‘’კომედია’’ (პოემა 2013 წ).
მისი დებიუტი 2010 წელს გამომცემლობა “არტანუჯის” მიერ გამოცემულ ლიტერატურულ ჟურნალში “ქართული მწერლობა” შედგა.

ლიტერატურული კრებულების გაცნობამდე თვალშისაცემია კალიგრაფის მიერ საკუთარი ხელწერით გაფორმებული წიგნები. იგი არ წერს სატრფოს მონატრებაზე, მამულის სიყვარულზე, წვიმიან და სევდიან ლირიკულ მოტივებზე. მას სხვა საკითხები აწუხებს: ადამიანის დანიშულება ამ ცისქვეშეთში, მოყვასის აღქმა, ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის მარადიული დილემა, ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ავ-კარგიანობა და სხვ.