„იშხნის ციხე”
ოთხშაბათს, 13 თებერვალს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სამეცნიერო სემინარზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იშხნის ციხე (ახალი მასალა ტაო-კლარჯეთის ისტორიული გეოგრაფიისათვის)“.
„ქართლის ცხოვრება’’ გვამცნობს, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო პუნქტთან – იშხნის საეპისკოპოსო ტაძართან უწინ ციხეც ყოფილა. დემეტრე თავდადებულმა ურდოში წასვლის წინ თავის დიდებულებს შვილები მიაბარა: „შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე -კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს, და თჳთ წარვიდეს ურდოსა.“
სამწუხაროა, რომ ამ გამორჩეული ციხის შესახებ წყაროებში სხვა აღარაფერია ცნობილი. წყაროთა სიმწირეს ისიც დაერთო, რომ მხოლოდ ამ შემთხვევის წყალობით ცნობილი ციხე ისე „მიიკარგა“, რომ მას ვერცერთმა მკვლევარა ვერ მიაგნო.
ექვთიმე თაყაიშვილი და ვახტანგ ჯობაძე იშხნის ტაძარზე საუბრისას ციხეს მხოლოდ გაკვრით ახსენებენ. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით გამოცემულ და სხვა თანამედროვე რუკებზე, იშხნის სიახლოვეს ციხის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანიც არის დასმული, თუმცა ციხის კონკრეტული მდებარეობა მაინც უცნობი რჩებოდა მეცნიერთათვის.
იშხნის ციხის ადგილმდებარეობის ძიება 2005 წლიდან დაიწყო. 2012 წლამდე იგი პერიოდულად მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ. 2012 წელს კი ძიება წარმატებით დასრულდა. ექსპედიციის წევრებმა (გელა გუნიავა, გრიგოლ კობიაშვილი, ბუბა კუდავა, რამაზ ობოლაძე, ოქროპირ ჯიქური) შეძლეს ციხის ლოკალიზება და ზოგადი აღწერილობის გაკეთება.
მოხსენების მიზანი იყო იშხნის ციხის აღმოჩენის შესახებ წინასწარი ანგარიშის გაკეთება.