მოქვის სახარება (დიაგნოსტიკის შედეგებისა და ალბომის პრეზენტაცია)
2012 წლის 22 მაისს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია ,,მოქვის სახარება”. მოქვის სახარება აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში გადაიწერა მთავარეპისკოპოს დანიელის დაკვეთით. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი პროცესი 1300 წელს დასრულდა. სახარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოხვდა პარიზიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაბრუნებული საგანძურის კოლექციიდან. მოქვის სახარება დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა. სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აქტიური საქველმოქმედო კამპანიის წარმოება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. მოწვეულნი იყვნენ უცხოელი რესტავრატორები რომელთა დახმარებით მოხდა ხელნაწერის დიაგნოსტიკა. აგრეთვე გამოიცა მოქვის სახარების ალბომი. ღონისძიებაზე შედგა მოქვის ალბომის, დოკუმენტური ფილმისა და უცხოელ რესტავრატორთა დასკვნის პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას ცენტრის ადმინისტრაციამ წარუდგინა საქველმოქმედო კამპანიის ანგარიში და სამომავლო გეგმები. პროექტი განხორციელდა UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით.