ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა მეცნიერმა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მაია რაფავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელით ნოდარ პაპუკაშვილმა ცენტრს გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპატიო სიგელი. კონფერენციის გახსნისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკო ნიკოლოზიშვილმა, ცენტრს საჩუქრად გადასცა მის მიერ რუმინეთის არქივებში მიკვლეული ორი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია.
გერმანელმა მეცნიერმა ჰუბერტ კაუფჰოლდმა, ცენტრს საჩუქრად გადასცა მის პირად მფლობელობაში არსებული იულიუს ასფალგის არქივი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.
ზაზა აბაშიძემ ცენტრის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა ნიკო ნიკოლოზიშვილს და ჰუბერტ კაუფჰოლდს ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც, ნამდვილად გაამდიდრებს ცენტრის საარქივო ფონდს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა‘‘ მიეძღვნა ორ მნიშვნელოვან თარიღს – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილეს და ათონის ქართველთა მონასტერის, ივირონის დაარსებიდან 1040 წლისთავს.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ემსახურება ქართული მეცნიერების მიღწევების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში.

კონფერენციის საზეიმოდ დაიხურვისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ცენტრის უხუცესი თანამშრომლები ილია აბულაძისა და ელენე მეტრეველის სახლობის მედლებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის.

ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის, ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერები – მაია რაფავა, ცისანა აბულაძე, ლია კიკნაძე, ლია ახობაძე, დამანა მელიქიშვილი დაჯილდოვდნენ ილია აბულაძის მედლებით. ნინო მელიქიშვილი, მზია სურგულაძე, ვასილ თარგამაძე და გერმანელი მეცნიერი ჰუბერტ კაუმფჰოლდი-ელენე მეტრეველის მედლებით. ილია აბულაძის მედალი, აგრეთვე გადაეცა ხელნაწერთა ცენტრის ერთ-ერთ უხუცეს თანამშრომელს ნანა თარგამაძეს.