ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილია:
X-XIX საუკუნეების 30.000-ზე მეტი ქართული და რამდენიმე ათასი უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სპარსული და თურქული დოკუმენტები, მათ შორის კი შაჰის ფირმანები, ოქმები…
საქართველოსა და ირანის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა კულტურულ-პოლიტიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება. ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდებარეობა მჭიდროდ აახლოვებდა ისტორიული მეზობლების კულტურას და მათ ურთიერთგამდიდრებას უწყობდა ხელს.
XVI-XVIII საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვნად იყო განპირობებული ირანის პოლიტიკური კურსით. ეს ფაქტი დადასტურებულია სპარსული, ქართული და ქართულ-სპარსული დოკუმენტური და ნარატიული წყაროებით.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 500-მდე სპარსული და რამდენიმე ათეული ქართულ-სპარსული დოკუმენტი, რომლებიც მოიცავს ირანის შაჰების ფირმანებს, ოქმებს, არზებს, ნასყიდობის წიგნებს და სხვ. ეს დოკუმენტები ეხება საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანის, სომხეთის, დეღესტნის) პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას, ასევე რუსეთ-ირანის დაპირისპირებას კავკასიის რეგიონში (XIXს.-ის სპარსული დოკუმენტები).
დოკუმენტების ნაწილი საყურადღებოა მოხატულობის თვალსაზრისით და სპარსული ხელნაწერი წიგნების ილუმინაციის საუკეთესო ტრადიციების დაცვით, სინატიფითა და ფერადოვნებით ხასიათდება.
ქართულ სიძველეთსაცავებში დაცული სპარსული ისტორიული დოკუმენტების შესწავლას ქართველი მეცნიერების მიერ დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა ეს მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი ფართო წრეებისათვის. ინგლისურენოვანი ვებ-გვერდი საქართველო-ირანის ურთიერთობის ამსახველი ნარკვევით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სპარსული დოკუმენტების სრული კატალოგითა და მოხატული ერთეულების წარმოდგენით მათი სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვის საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კონკრეტული რეგიონის (ამიერკავკასია და ახლო აღმოსავლეთი), არამედ, ზოგადად ქრისტიანული და მუსლიმური კულტურების ურთიერთობათა შესწავლის თვალსაზრისით.
ქართული დოკუმენტების ფონდში თავმოყრილია 30 000-ზე მეტი საბუთი. დოკუმენტები თარიღდება IX-XIX საუკუნეებით. ფონდში წარმოდგენილია როგორც საერო, ისე საეკლესიო ხასიათის დოკუმენტები. მათგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დედნების სახით მოღწეული XI-XIII საუკუნის საბუთები ქართველი მეფეებისა და დედოფლების, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოხელეების, კათოლიკოსებისა და ეპისკოპოსების ხელრთვებით. ქართული დოკუმენტების ფონდი დაყოფილია ოთხ Ad, Sd, Hdდა Qd ფონდად.
კოლექციაში თავმოყრილია დაღესტნური წარმოშობის 300-ზე მეტი არაბულენოვანი დოკუმენტი (დედანი და პირი). საბუთები 1930-იან წლებშია შეძენილი. დოკუმენტები მოგვიანო პერიოდისაა და XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება.
საბუთებში დოკუმენტურად არის ასახული დაღესტნის XVIII-XIX საუკუნეების ისტორია და ადგილობრივი მთიელების ტრადიციული ყოფა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საბუთების ერთი ჯგუფი (Arld 22-85), სადაც დაცულია ძვირფასი ისტორიული ცნობები იმამ შამილის მოძრაობის შესახებ. კოლექციაში ვაწყდებით საქართველოსა და დაღესტნის ურთიერთობათა ამსახველ რამდენიმე საყურადღებო დოკუმენტის პირსაც (Arld 10, 11, 16, 18, 21).
კოლექციაში თავმოყრილია სხვადასხვა ფორმულიარის 300-მდე ოსმალური დოკუმენტი (ძირითადად, დედნები). საბუთები თარიღდება XVI-XIX საუკუნეებით.
კოლექცია მოიცავს ოსმალო სულთნების მიერ ქართველი მეფე-მთავრებისა და თავად-აზნაურთათვის ბოძებულ სიგელებს – ბერათებს, ფირმანებსა და ჰუქმებს, თურქი ვეზირებისა და ფაშების სახელით გაცემულ ბრძანებებს (ბუირულთუებს), რუსეთ-თურქეთის ომებთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს და სხვ. ოსმალური საბუთების კოლექციაში ყველაზე ძველია სულთან მურად III-ის (1574-1595 წწ.) მიერ 1586 წელს გაცემული ბარათი, რომელიც სამხრეთ საქართველოში გაბატონებული ფეოდალური სახლის – ჯაყელების სამამულო მფლობელობას ეხება. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული დოკუმენტები საუკეთესო წყაროა არა მარტო თურქეთ-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის შესასწავლად, არამედ საკუთრივ ოსმალეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური, კერძოდ, სამხედრო-ლენური სისტემის ცალკეული საკითხების დასადგენად.
კოლექციაში თავმოყრილია 200-მდე სომხურენოვანი ისტორიული საბუთი (გვაქვს რამდენიმე ორენოვანი, ქართულ-სომხურ ენებზე შესრულებული საბუთი).
დოკუმენტების უმრავლესობა თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. საბუთებს შორის ვხვდებით სხვადასხვა სახის ოქმებს, ნასყიდობისა და ვალის წიგნებს, სომეხ სამღვდელო პირთა ოფიციალურ მიმოწერას და სხვა საინტერესო მასალას XVIII-XIX საუკუნეების კავკასიის ისტორიისათვის.
კოლექციაში თავმოყრილია 500-მდე სპარსული დოკუმენტი: ფირმანები, ჰოქმები, ნასყიდობის საბუთები, არზები ირანის შაჰების, ქართველი მეფეებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების რეზოლუციებით. დოკუმენტები თარიღდება XVI-XIX საუკუნეებით, როდესაც სპარსეთის გავლენა საქართველოში განსაკუთრებით დიდი იყო.
კოლექციაში დაცული დოკუმენტებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართულ-სპარსული ორენოვანი საბუთები, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს შეიცავენ საქართველოსა და ირანის ურთიერთობების, მათი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის, აგრეთვე, XVI-XIX საუკუნეების სომხეთის, აზერბაიჯანისა და დაღესტნის შესახებ.