საერთაშორისო ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობები
ხელნაწერთა ინსტიტუტის (ამჟამად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის) შექმნიდან (1958) ძალიან მალე დაიწყო ინტენსიური ურთიერთობები უცხოეთის სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრებთან.
ინსტიტუტის მუშაობის სპეფიციკა და თემატიკა, მასში დაცული კოლექციის უნიკალურობა მუდამ განაპირობებდა უცხოეთთან კონტაქტების ინტენსიურობას. შეიძლება ითქვას, რომ მეცნიერებათა აკადემიის სისტემის ჰუმანიტარული პროფილის ინსტიტუტებს შორის ხელნაწერთა ინსტიტუტი ყოველთვის იყო უცხოელი კოლეგების მხრიდან გამორჩეული ყურადღების ობიექტი.
ბელგიელი მეცნიერი ჟერარ გარიტი იყო ის გამორჩეული ფიგურა, რომლის სახელსაც უკავშირდება ინსტიტუტის ყველაზე პროდუქტიული კონტაქტები მისი დაარსების პირველ ეტაპებზე. სწორედ ჟერარ გარიტი იყო ის მკვლევარი, რომელმაც აღიარა და, ამავე დროს, ცხადად წარმოაჩინა ქართული ხელნაწერების როლი და მნიშვნელობა ქრისტიანობისთვის.
ურთიერთობები განსაკუთრებით ნაყოფიერი გახდა იმ პერიოდში, როცა ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა შესანიშნავი მეცნიერი და ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ელენე მეტრეველი. ე. მეტრეველისა და ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ სხვადასვხა დროს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიებსა თუ სამივლინებო ანგარიშებში კარგად ჩანს ამ ურთიერთობათა არსი, ინტენსივობა და მნიშვნელობა. მხოლოდ ირიოდე სიტყვით აღვნიშნავთ ზოგიერთ, ჩვენი აზრით, ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდს ამ ურთიერთობებიდან.
“College de France-ის “ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის“ ლაბორატორიასთან საქმიანი და სამეცნიერო ურთიერთობა დაიწყო 1972 წლიდან. თანამშრომლობა განაპირობა როგორც ცენტრის საერთაშორისო ავტორიტეტმა, ასევე აქ დაცული კოლექციის, კერძოდ კი – ათონის ივერთა მონასტრის ბერძნული და ქართული აქტების უდიდესმა მნიშვნელობამ როგორც შუა საუკუნეების სამონასტრო ცხოვრების შესწავლის საქმეში, ასევე ზოგადად, ფეოდალიზმის გენეზისის კვლევაში. აკად. ელენე მეტრეველის საფრანგეთში რამდენიმე მივლინება მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1980 წლის მივლინების დროს იწყება მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობა ლუვენის კათოლოკური უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტთან გრიგოლ ნაზიანზელის შრომების შესწავლისა და სხვადასხვა ენაზე გამოცემის საქმეში. ამ პროექტის ფარგლებში ქართული თარგმანების მომზადება შესთავაზეს ქართველ ფილოლოგებს, ხოლო პირობა, რომლითაც ისინი პროექტში ჩაერთვნენ, გახლდათ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ საკუთარი თანხებით ხელნაწერთა ინსტიტუტის ძველი და ახალი სამეცნიერო ლიტერატურითა და საჭირო ხელნაწერების მიკროფირებით უზრუნველყოფა.
ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთობა დღესაც გრძელდება. ამ ურთიერთობების ფარგლებში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მიმდინარეობს გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების გამოცემა ევროპაში ცნობილი სერიით „Corpus Christianorum“. გამოცემულია 6 ტომი და დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ქართული თარგმანის გამოცემა.
ცენტრის საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტები დამოუკიდებელი და ვრცელი სტატიის თემაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის მეტ-ნაკლებად ასახულია ჩვენი თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებსა თუ ანგარიშებში. ამ შემთხვევაში ხაზს გავუსვამთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ცენტრს წლების მანძილზე სტუმრობდნენ და სტუმრობენ უცხოელი კოლეგები მ. ვან ესბროკი, ჯ.ვილკინსონი, ჟ. მოსე, ჟ.ლეფორი, შ.რენუ, ჟ-პ. მაე,ბ. კული, ბ. უტიე, ს.ფროშოვი, ი. გიპერტი და სხვები. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები სხვადასხვა დროს სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, ა.შ.შ.-ს, იტალიის, ისრაელის, ჰოლანდიის, უნგრეთის, ბელგიის, ირანის, თურქეთის, სომხეთის, საბერძნეთის, ინგლისის, ავსტრიის და ა.შ. უნივერსიტეტებში, ბიბლიოთეკებსა და სიძველეთსაცავებში.
ხელნაწერთა ინსტიტუტის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციის შემდეგ იწყება უშუალო და პირდაპირი კავშირები და თანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღნუსხვას და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენს უზრუნველყოფენ. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ცენტრისა და UNESCO-ს თანამშრომლობა. ორი კოლექცია – „ბიზანტიური ეპოქის ქართული ხელნაწერები“ (2011) და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ ხელნაწერები (2013) – შევიდა UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეგისტრში. ამჟამად ამავე ნომინაციაზე წარდგენილია ცენტრის კიდევ ერთი კოლექცია – „ქართული ისტორიული დოკუმენტები“ -ეროვნულ არქივსა და ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტორიულ მუზეუმში დაცულ მასალასთან ერთად.
UNESCO-ს დაფინანსებით გამოიცა აგრეთვე ალბომი „მოქვის სახარება“. გამოცემა განხორციელდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის – „მოქვის სახარება, დიაგნოსტიკა, დიგიტალიზაცია და გამოცემის“ ფარგლებში.
ცენტრის საერთაშორისო კონტაქტებიდან აღსანიშნავია აგრეთვე თანამშრომლობის მემორანდუმები, რომელიც გაფორმდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან, ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან და კაიროს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ამ მემორანდუმების ფარგლებში გაიმართა ქართული ხელნაწერების ფოტოგამოფენები რამდენიმე ქვეყანაში, აგრეთვე თანამშრომელთა ჯგუფების მივლინებები ამ ქვეყნებში.
აღსანიშნავია აგრეთვე ბერლინის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად განხორციელებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა C 14 ანალიზის მეთოდით ზოგიერთი ქართული პალიმფსესტის შექმნის სავარაუდო პერიოდის დადგენას.