ილია აბულაძე (1901-1968)
ილია აბულაძე (1901-1968)
ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1950). დაამთავრა თსუ სიტყვიერებისა (1926) და საენათმეცნიერო (1929) განყოფილებები. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ინიციატივით 1958 წელს დაარსდა ხელნაწერთა ინსტიტუტი, რომლის პირველი დირექტორიც თავადვე იყო. ავტორია ასზე მეტი ნაშრომისა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრობლემებისადმია მიძღვნილი. მას ეკუთვნის ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების მეცნიერულ-კრიტიკული პუბლიკაციები. მის სახელთანაა დაკავშირებული კავკასიის ალბანელთა ანბანის აღმოჩენა (1937).
ილია აბულაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს გადასცა მეცნიერის ოჯახმა.
ილია აბულაძის ფონდი 843 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი მასალა, რომელიც მოიცავს – ა) გამოკვლევებს, ბ) ლექსიკონებსა და სალექსიკონო მასალას, გ) რეცენზიებს, დ) ტექსტებს, ე) ამონაწერებს სხვადასხვა ტექსტებიდან; 3) მიმოწერა; 4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი