ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975)
ალექსანდრე ჯანელიძე (1888-1975)
გეოლოგი, ქართული გეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). დაამთავრა პარიზის სორბონის (1910) და ყაზანის (1916) უნივერსიტეტები. 1920-1923 სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მუშაობდა გრენობლში, პარიზსა და ჰალეში. 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში. იყო უნივერსიტეტის რექტორი (1942-1945), მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1925-1955), საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1926-1929), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1951-1955), საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1933) და მისი თავმჯდომარე (1937-1975). მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკური და თეორიული გეოლოგიის საკითხებს.
ალექსანდრე ჯანელიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1984 წლის 22 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 592).
ალექსანდრე ჯანელიძის ფონდი 1819 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი