გამოცემები
გამოცემები
სათაური: ლევილის ქართული პანთეონი (პოლიტიკურ მოღვაწეთა საფლავები)
ოთარ პატარიძის მიერ შედგენილი ფოტოალბომი
გამოსაცემად მოამზადა, ბიოგრაფიები და ანოტაციები დაურთო შორენა მურუსიძემ
გამოცემის თარიღი: 2023
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 67
ISBN: 978-9941-9851-4-0
„სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!“ რუსთველის ეს სიტყვები ათი – ათასობით ქართველზეა! იმ ქართველებზე, რომლებმაც განსასვენებელი სამშობლოდან შორს – უცხო მამულში ნახეს. ვინ მოსთვლის, ათასწლეულების განმავლობაში რამდენი ქართველი ვერ ეღირსა, რომ მშობლიურ მიწას მიებარებინათ მისი ნეშტი! სპარსეთი და ოსმალეთი (მანამდე ბიზანტია), რუსეთი და უზბეკეთი, უკრაინა და ყაზახეთი, ეგვიპტე და პალესტინა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასა – ვლეთი ევროპა – ყველგანაა გაბნეული ქართველთა საფლავები! ზოგი იძულებით ემი გრაციაში წავიდა, ზოგი სხვის ჯარში მსახურობდა და იქვე დაიღუპა, ზოგიც გადაასახლეს…
ემიგრაციის ერთ-ერთი დიდი ტალღა უკავშირდება 1921 წლის თებერვალ-მარტის ტრაგიკულ მოვლენებს. საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციას და მის გასაბჭოებას მოჰყვა თითქმის მთელი ქართული პოლიტიკური ელიტის (მთავრობის და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრთა, ყოფილი თავადაზნაურობის წარმომადგენელთა სამხედროები) და მათი ოჯახების სამშობლოდან გახიზვნა. ემიგრანტთა უმრავლესობა დასავლეთ ევროპაში დამკვიდრდა, კერძოდ – საფრანგეთში, სადაც დევნილი მთავრობა იმყოფებოდა. 1922 წელს ქართველმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ პარიზთან ახლოს, ლევილში შეიძინა მამული, რომელშიც ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა და აგრძელებდა პოლიტიკურ თუ შემოქმედებით მოღვაწეობას. იქვე, ლევილში არის ქართული სასაფლაო, რომელსაც „პანთეონსაც“ და ქართველთა „საძმო სასაფლაოსაც“ უწოდებენ. აქ დაკრძალულია ბევრი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და
მათი ოჯახის წევრები (დღესაც იკრძალებიან). ლევილში დაკრძალული ერთ-ერთი შესანიშნავი ქართველი მოღვაწის, პუბლიცისტის და პოლიტიკოსის, თავად ნიკოლოზ (კოკი) დადიანის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია ეპიტაფია: „…ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე…“
– ვფიქრობ, ჩვენ, მათმა შთამომავლებმაც, უნდა ვიფიქროთ იქ დაკრძალულებზე, გვახსოვდეს ისინი, ვიცოდეთ მათი ზრახვები და ნამოქმედარი. უბრალოდ, ვიცოდეთ, სად არიან დაკრძალულნი და თუ ლევილში ვერ მოვხვდებით, ის მაინც ვიცოდეთ, როგორ გამოიყურება მათი განსასვენებელი.
წინამდებარე ფოტო-ალბომის გამოცემაც ამ მიზანს ემსახურება და, იმედია, მასში თავმოყრილი ფოტო-მასალა ბევრს დააინტერესებს.
ფოტოები სხვადასხვა დროს გადაიღო საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ბატონმა ოთარ პატარიძემ, რომელმაც 2021 წლის მაისში, თბილისში ყოფნისას
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა ეს უნიკალური მასალა, მისი გამოქვეყნების დიდი სურვილით.
დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ ოთარ პატარიძეს და ვასრულებთ მის (და კიდევუამრავი ქართველის) ამ სურვილს და ქართველ მკითხველს ვთავაზობთ მათი ღირსეული წინაპრების საფრანგეთში ყველაზე დიდი განსასვენებლის ფოტოებს. მოწოდებული ფოტო-მასალიდან ქვეყნდება პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა (მცირე გამონაკლისის გარდა) საფლავების ფოტოები და აგრეთვე, ბატონ ოთარ პატარიძის მიერ შედგენილი სასაფლაოს სქემა (აღსანიშნავია, რომ უცხოეთში გადაცვლილ ქართველ ემიგრანტებსა და მათ განსასვენებელზე 1973 წელს, პარიზში, გამოიცა წიგნაკი „ლტოლვილთა საძვალენი“, შედგენილი ნ. ბერძენიშვილ-გოგუაძის, ნ. ორაგველიძისა და ვ. ნოზაძის მიერ, რომელიც თბილისში 1990 წ. გამოსცა შ. შარაძემ, თ. პაპავას წიგნთან „გაბნეული საფლავები“ ერთად).
ფოტო მასალა გამოცემისთვის შეარჩია და მოამზადა, ანბანური რიგით გააწყო და მოკლე ბიოგრაფიები დაურთო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ.