ივანე (ვანო) ნანუაშვილი
(1902-1975)
(1902-1975)
ივანე ნანუაშვილი დაიბადა 1902 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიცერთა (იუნკერთა) სკოლაში, სადაც სწავლობდა 1920-1921 წლებში. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის დროს ის, როგორც სამხედრო სკოლის იუნკერი, წითელი არმიის წინააღმდეგ თბილისის დასაცავად კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იბრძოდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანო ნანუაშვილი სხვა სამხედროებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. იგი 1921-1922 წლებში საბერძნეთის, ხოლო 1923-1925 წლებში პოლონეთის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. უმაღლესი სამხედრო განათლების მიღების შემდეგ ვანო ნანუაშვილი გახდა პოლონეთის არმიის კონტრაქტორი.
ვანო ნანუაშვილმა სამხედრო კარიერა 1948 წელს დაასრულა. იგი 1951 წელს ლონდონიდან საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. აშშ-ში ცხოვრების დროს, ვანო ნანუაშვილი მთელ თავის დროს, ენერგიას და სახსრებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლას ახარჯავდა. იგი პოლონურ და ინგლისურ ენებზე წერდა სამხედრო და პოლიტოლოგიური შინაარსის ნაშრომებს, რომლებსაც ბეჭდავდა უცხოურ პრესაში და ავრცელებდა აშშ-ის სახელმწიფო უწყებებსა და უნივერსიტეტებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1973 წელს გამოქვეყნებული სოლიდური (ინგლისურ ენაზე, 400-მდე გვერდის) ნაშრომი: „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ”. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აშშ-ის საზოგადოებისა და სახელმწიფო მოხელეებისთვის საქართველოსა და ქართული საკითხის გაცნობის საქმეში.
ვანო ნანუაშვილის ნაშრომი
„უკანასკნელი იმპერიის აღსასრული“
მსოფლიოს საერთაშორისო ვითარებაში არა ერთხელ ხდება ხოლმე, რომ რომელიმე ერი, ან მთელი მსოფლიო, ერთ დასრულებულ ისტორიულ ეტაპიდან გადადის ცხოვრების სულ ახალ ხანაში და ახალ ძალთა განწყობილებაში. ამ ორ სხვა და სხვა ეტაპის ისტორიულ საზღვრის გადალახვის ნამდვილი მომენტი, თანამედროვე თაობისათვის, ხშირად სრულიად შეუმჩნეველი რჩება. ცხოვრების ყოველდღიური კორიანტელი, თავის წვრილმანი ეპიზოდებით ეფარება და შეუმჩნევლად ხდის, ისტორიის ნამდვილ მნიშვნელოვან მომენტებს.
მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ, პოლიტიკურ ცხოვრების სხვა და სხვა ნიშნებიდან ცხადი ხდება, რომ მოვლენები ვითარდებიან სრულიად სხვა ახალი მიმართულებით და ეს ვითარება ზდგას სულ სხვა ახალ ლიანდაგზედ. ისტორიულ ფაქტების შემდეგ, კაცობრიობა დაგვიანებით რწმუნდება, რომ ცხოვრება იმყოფება ისტორიის განვითარების სულ სხვა ახალ ხანაში და პოლიტიკურ ძალთა ახალ და უცნობ განწყობილებაში. სწორედ ესეთ გარდაქმნის ტიპიურ ეტაპის მსვლელობაში იმყოფება დღეს მთელი მსოფლიო.