საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია
„ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა II“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 65
ათონის ივერთა მონასტერი – 1040

28-30 ივნისი

2023 წლის 28-30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გეგმავს  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას, სახელწოდებით “ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა”. კონფერენცია ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს – კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს 65 წელი უსრულდება, ათონის ქართველთა მონასტერს, ივირონს კი – 1040 წელი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ამ ორი თარიღის დაკავშირებას განსაკუთრებული, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რადგან ის სულიერი და ინტელექტუალური ფასეულობები, რომლებზეც იდგა ივირონის მწიგნობრული სკოლა, ახლოს იყო იმ ეროვნულ თუ სამეცნიერო პრინციპებთან, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფუძემდებლები.

კონფერენციის თემატიკაა:

  • ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა
  • ივირონის სამწიგნობრო კერა
  • ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები
  • შუა საუკუნეების ხელნაწერი წიგნი
  • არქივთმცოდნეობა
  • ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია

კონფერენცია გაგრძელდება სამი დღე და მასში მონაწილეობას იღებს 77 მეცნიერი. მათგან 20 მეცნიერი ევროპის წამყვანი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლები არიან, როგორც კორნელია ჰორნი (მარტინ ლიუთერის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგი, გერმანია), კლაუდია რაპი (ვენის უნივერსიტეტი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია), იოსტ გიპერტი (ჰამბურგის უნივერსიტეტი, გერმანია), მანუელა შტუდერ-კარლენი (ბერნის უნივერსიტეტი, შვეიცარია), არქიმანდრიტი პოლიკარპე კიცულესკუ (რუმინეთი) და სხვა.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობას იღებენ საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლები, როგორც ლელა ხაჩიძე (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია), ანა ხარანაული (ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), კიტი მაჩაბელი (გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) და სხვა.

კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილე და მასთან დაკავშრებული ღონისძიებები ემსახურება ქართული მეცნიერების მიღწევების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში.

 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნების და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. ცენტრის ფუძემდებლებს კარგად ესმოდათ, რომ საქართველოს ადგილი თანამედროვე ევროპულ სამყაროში დიდად იყო დამოკიდებული მისი კულტურული და ისტორიული გამოცდილების მართებულ წარმოჩენაზე მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში. ამიტომ ცენტრი დაარსების დღიდან იყო საერთაშორისო ქართველოლოგიური კვლევები ინიციატორი. ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებების მიღწევების პოპულარიზაციისა და ქართველ და ევროპელ მეცნიერთა ერთობლივი წარმატებული სამუშაოების წარმოჩენისათვის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა არა ერთი საერთაშორისო ფორუმი.