გიორგი კვინიტაძე
(1874-1970)
(1874-1970)
გიორგი კვინიტაძემ მამამისის მსგავსად სამხედრო კარიერა აირჩია და ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა, შემდეგ კი პეტერბურგში არსებული კონსტანტინეს ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი დაასრულა. იგი მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირების პროცესში. პირველი რესპუბლიკის წლებში იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შენარჩუნებისათვის წარმოებულ ბრძოლებში. მან მთავრობის დავალებით 1919 წელს პირველი ქართული სამხედრო სასწავლებელი დააფუძნა. გიორგი კვინიტაძე, 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე წითელი არმიის თავდასხმის დროს ქართული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. ოკუპაციის შემდეგ იუნკრებთან და სხვა სამხედროებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1922 წლიდან დასახლდა საფრანგეთის ქალაქ შატუში. ემიგრაციაში ყოფნის დროს მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისთვის ბრძოლას. იყო რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის საპატიო წევრი. ემიგრაციაში დაიწერა მისი ცნობილი მოგონებები, სტატიებს აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში.
ამონარიდი გიორგი კვინიტაძის არქივში დაცული მისი პუბლიცისტური წერილიდან პასუხი ბრალდებებზე 1921 წლის ოკუპაციის შესახებ.
„მოვა დრო როცა თითოეული ჩვენთაგანი დიდი და პატარა პასუხს აგებს თავის მოღვაწეობისთვის, როგორც იქ – საქართველოში, – თავისუფლების დროს, ისე აქაც ემიგრაციაში.
მანამდე კი ჩვენ ვიტყვით au toute connaissance de la cause (ფრანგ. სრულად გაიაზრებს მიზეზს), რომ საქართველოს ბედი არსებითად გადაწყდა არა 1921 წელს, არამედ მაშინ, როცა საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის გამო დაიბადა რუსეთ-ოსმალეთის კოორდინაციის პროექტი. ამ ორ სახელმწიფოთა გერთიანებით ფრონტი კავკასიის ბარიერის მოშლას მოითხოვდა“.
ინტერვიუ გიორგი კვინიტაძესთან ჩაწერილია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50 წლისთავთან დაკავშირებით, 1968 წლის მაისში.