კორნელი კეკელიძის სემინარი
კორნელი კეკელიძის სემინარი
2009 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თითქმის ყოველ ოთხშაბათს, 15:00 საათზე, იმართება კორნელი კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი. სემინარზე მეცნიერები წარმოადგენენ მათ სამეცნიერო ნაშრომებს და მიმდინარეობს დისკუსიები.
2009 წლიდან სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი მოხსენებები:
2021 წლის 1 დეკემებრს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კონრელი კეკელიძის სახელობის სემინარი. მოხსენება წაიკითხა ხელნოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა ნინო ციციშვილმა.
XV-XVI საუკუნეების ქართულ საეკლესიო ხელნაწერებში იკვეთება ერთი ჯგუფი – ფსალმუნი, 1494 წ. ხეც. A 351; სახარება,1502 წ. ქსიმ K 375; სახარება, 1504 წ. ხეც Q 921; ვალეს ოთხთავი, 1514 წ. ხეც. A 401; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ქსიმ K 362; სახარება, XVI საუკუნის დასაწყისი, ხეც A 685ბ, რომელთა მხატვრობაში სპარსულ-ოსმალური ორნამენტული სახეები იჭრება და ე.წ. პოსტბიზანტიური სტილის პარალელურად მნიშვნელოვან მხატვრულ დატვირთვასაც იძენს. ამ ხელნაწერის გაფორმებაში სიახლის, თითქოს ნაკლებ ორგანული ფორმების თუ სიმბოლოების მიღება _ გათავისების მენტალური მზაობაა გამომჟღავნებული. ისეთ საკრალურ სივრცეში, როგორიც საეკლესიო ხელნაწერია, ისლამური ხელოვნების მკაფიო დადასტურება, იმ პროცესების მხატვრული გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანაში შიდა აშლილობით თუ სპარსეთისა და ოსმალეთის მომძლავრებული ექსპანსიური პოლიტიკით, ისლამურ აღმოსავლეთთან ნებით თუ უნებლიეთ გააქტიურებული კულტურული ურთიერთობებითაა მნიშვნელოვანწილად განპირობებული. სწორედ ამიტომ, ამ მხატვრულიnმოვლენის უკეთ გასააზრებლად აუცილებლად გასათვალისწინებელია თანადროული ზოგადისტორიული კონტექსტი. საკითხის განხილვისას არანაკლებ დატვირთვას იძენს დამკვეთის
პიროვნება. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი მასალის დიდი ნაწილი ისტორიულ სამცხეს და ათაბაგთა სახლეულს უკავშირდება დადასტურებულად, ხოლო რამდენიმე ნიმუში მხატვრულ – სტილური თვალსაზრისით ექცევა ამავე არეალში. თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ფეოდალური სახლის წარმომადგენლების როლი კი თანადროული საქართველოს ისტორიაში სადღეისოდ კითხვებს არ აჩენს. მათი პოლიტიკური ამბიციები და ფართოდ გაშლილი კულტურული საქმიანობა ერთმანეთს მჭიდროდ ერწმყის და ეს ყოველივე ამ ხელნაწერების მხატვრულ გაფორმებაში თვალსაჩინოდ აირეკლება.
XV-XVI საუკუნეების ჯაყელების სახლეულის დაკვეთით გადაწერილ – მოხატული საეკლესიო ხელნაწერების ამ ჯგუფის მხატვრობაში სპარსული და ოსმალური ორნამენტული ფორმების გაჩენა/დამკვიდრების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სიღრმისეულად გააზრება მნიშვნელოვნად ავსებს დღეისთვის არსებულ სამეცნიერო ცოდნას იმ ხანად ქართულ საეკლესიო მინიატურასა და, ზოგადად ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე მხატვრულ მხატვრულ-კულტურული პროცესებს შესახებ.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 131-ე სემინარი. მოხსენება წაიკითხა, თამარ ოთხმეზურმა, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელმა, თემაზე – “იოანე სინელის „კლემაქსი“ ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში.” შუა საუკუნეების ქართულ მწიგნობრულ ტრადიციაში დასტურდება არაერთი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმეა ნათარგმნი ქართულად. თუმცა არცერთ ტექსტს არ დაუმსახურებია ქართველთა იმგვარი ყურადღება, როგორიც იოანე სინელის „კლემაქსს“. VIII-IX საუკუნეებიდან მოყოლებული XVIII საუკუმენდე ქართულად ამ თხზულების ექვსი ვერსიაა შექმნილი. ქართულად „კლემაქსი“ სამჯერაა ნათარგმნი. პირველი თარგმანი შესრულებულია VIII-IX საუკუნეებში არაბულიდან, სავარუდოდ, საბაწმინდის მონასტერში; მეორედ „კლემაქსი“ თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა მე-10 საუკუნის ბოლო მეოთხედში. მესამე თარგმანი ეკუთვნის ელინოფილური სკოლის წარმომადგენელს, პეტრე გელათელს. ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში არსებობს, ასევე, „კლემაქსის“ სამი გალექსილი ვერსია. პირველი მიეწერება იოანე პეტრიწს და ეფუძნება ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანს; მეორე წარმოადგენს პეტრე გელათელის ელინოფილური თარგმანის გალექსილ ვერსიას; მესამე გალექსილი ვერსია ეკუთვნის ანტონ I კათალიკოსს და ისიც პეტრე გელათელის თარგმანს ეუძნება. მოხსენების მიზანია იოანე სინელის „კლემაქსის“ ქართული ვერსიების ზოგადი მიმოხილვა, ხელნაწერი ტრადიციის წარმოჩენა, იმ კულტურულ-ლიტერატურული კონტექსტის ჩვენება, რომელშიც ეს ვერსიები იქმნებოდა. ეს ერთგვარი მოგზაურობაა წარსულში, რომელიც მოიცავს ქართული ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ტრადიციის თითქმის ყველა ეტაპს – წინაათონურ ეპოქას, ათონისა და გელათის მთარგმნელობით სკოლებს, ანტონ I-ის მოღვაწეობას.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კეკელიძის სახელობის რიგით 130-ე სამეცნიერო სემინარი. ექვთიმე კოჭლამაზაშვილმა, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მოხსენება წაიკითხა თემაზე ევაგრე პონტოელის De Oratione, როგორც წყარო ერთი ფსევდოეპიგრაფიკული თხზულებისა.
სემინარზე განხილული თემა მომზადდა პროექტის „დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის (1600-1662) ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა)“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი.
მოხსენებას წაიკითხავს თამარ ოთხმეზური, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპაარტამენტის ხელმძღვანელი, თემაზე – „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის.
სემინარი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.
მოხსენებაში განხილულია ანტიოქიური წარმომავლობის ხელნაწერები. წარმოჩენილია მათი სპეციფიკა, ის თავისებურებები, რომლებითაც გიორგისეული და ეფრემისეული ეპოქების ხელნაწერები სხვაობენ ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით – კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული თვალსაზრისით. გამოკვეთილია ის გარდატეხა, რომელიც მოხდა ქართულ ხელნაწერში ამ ეპოქათა მიჯნაზე და ნაჩვენებია, თუ რა სიახლე შეიტანა ელინოფილიზმმა ქართული ხელნაწერის განვითარებასა და ახალი ტიპის ქართველი მკითხველის ჩამოყალიბებაში.
მოხსენება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში განიხილება წმ.დიმიტრის სასწაულების ქართული ვერსია, რომელიც ქართულად თარგმნა X-XI საუკუნეების დიდმა ქართველმა მოღვაწემ, ექვთიმე მთაწმიდელმა. საგულისხმოა, რომ ექვთიმეს თარგმანში დაცული სასწაულების ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი ბერძნული თუ ლათინური წყაროებისაგან, რამდენიმე სასწაული ამოღებულია, დანარჩენი – მნიშვნელოვნად შემოკლებული და გადასხვაფერებული. ამასთანავე, მოხსენებაში განიხილება წმ. დიმიტრის შესახებ არსებული თხზულებების (წამება, შესხმა, სასწაულები) ქართულ თარგმანებში შეტანილი სასწაულები, რომლებიც არ დასტურდება დღეისათვის ცნობილ ბერძნულ წყაროებში.
მიუხედავად მასალის სიმრავლისა, წმ. დიმიტრი თესალონიკელთან დაკავშირებით მრავალი საკითხი დღესაც საკამათო და გადაუწყვეტელია. ეს ეხება როგორც წმ.დიმიტრის ნაწილებთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ასევე მის წარმომავლობას, მის სასწაულებში დაცულ ისტორიულ ინფორმაციას და სხვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების შემცველი ხელნაწერები შედარებით გვიანდელია, მაგალითად სასწაულების შემცველი უადრესი ბერძნული ხელნაწერი თარიღდება IX საუკუნით, ამიტომ ამ თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანია წმ. დიმიტრისთან დაკავშირებული თხზულებების ქართული ვერსიების შესწავლა.
სასწაულების ექვთიმესეული ვერსიის შესწავლა იძლევა მეტად საყურადღებო ინფორმაციას წმ.დიმიტრის კულტის ჩამოყალიბების ისტორიისათვის არა მხოლოდ ქართულ, არამედ ბერძნულ ქრისტიანულ სამყაროშიც.
წარმოდგენილი მოხსენება ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტით, გამოჩენილი ბიზანტიელი მწერლისა და თეოლოგის, გრიგოლ ნაზიანზელის (IV საუკუნე) ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით.
გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა აღმოსავლურ თარგმანებს შორის ქართულ თარგმანებს უცილობელი როლი ენიჭება ამ ავტორის მემკვიდრეობის შესწავლისათვის.
მათ შორის გამორჩეულია ნაზიანზელის ორი ჰომილიის (Or 7 და Or 27) გრიგოლ ოშკელისეული თარგმანები, რომლებიც განსხვავებით ყველა სხვა ქართული თარგმანისაგან შესრულებულია არა ბერძნულიდან, არამედ სომხური ენიდან.
გრიგოლ ოშკელის თარგმანების ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლინდა ისეთი მონაცემები, რომლებიც განსხვავდებიან დღეს ცნობილი ყველა (ბერძნული თუ სომხური) ტექსტისაგან. ამ მონაცემების გათვალისიწინებით შესაძლებელი ხდება დავასკვნათ, რომ ოშკელის თარგმანები დღეს ცნობილი ტექსტისაგან განსხვავებულ რედაქციას წარმოადგენენ.
მოხსენება მიზნად ისახავს ექვთიმე მთაწმინდელის მთარგმნელობითი პრინციპებისა და მეთოდების ჩვენებას კონკრეტულად ერთი “კითხვა-მიგების“ სამი ქართული რედაქციის განხილვის მაგალითზე. წარმოდგენილი “კითხვა-მიგება“, რომელიც ბიზანტიურ მწერლობაში ანასტასი სინელის, ანტიოქიის პატრიარქის, სახელითაა ცნობილი, არაერთ ზნეობრივ-მორალურ, ლიტურგიკულ და კანონიკურ საკითხს ეხება. როგორც ჩანს, ექვთიმე მთაწმინდელი, დაინტერესებული იყო ამ საკითხებით, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ერთი და იმავე ტექსტის სამი სხვადასხვა რედაქცია შეიმუშავა და შეიტანა თავის მიერვე თარგმნილ-კომპილირებულ სამ სხვადასხვა თხზულებაში.
კარგადაა ცნობილი ექვთიმე ათონელის გამორჩეული მთარგმნელობითი მეთოდი, რომელიც გულისხმობდა სათარგმნი თხზულებების შემოკლებას ან გავრცობას. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი ერთი კონკრეტული საეკლესიო მოძღვრის ავტორობით სხვადასხვა ავტორის “სწავლებათა“ კომპლექტებს აერთიანებს. ამგვარ შემთხვევებში ნათლად ჩანს ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, ისე ღვთისმეტყველის გამორჩეულობა. მისი, როგორც მთარგმნელის, ენა მარტივია, თუმცა ურთულესი ამოცანაა იმ წყაროთა გამოვლენა და შესწავლა, რომელთაც იგი იყენებდა თხზულებათა კომპილაციურად თარგმნის დროს.
ქართველ მეცნიერთა თაობები იკვლევდა და იკვლევს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ თხზულებებს. დღემდე მის მიერ თარგმნილი არაერთი ნაშრომია შესწავლილი და გამოცემული. მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია მრავალი ისეთი მაგალითი, რომლებიც ექვთიმე ათონელის, როგორც მთარგმნელის, შესწავლაში გვეხმარება.
ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე. დოკუმენტი დაბეჭდილია ბერლინში. ახლავს მოწოდება, თავად სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისა და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენის მიზნით.
გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში დაცულია „ნახარებოუს მონასტრის გუჯარი“. ეს დოკუმენტი 1801 წელს შეადგინა ანტონ ჭყონდიდელმა. აღნიშნული გუჯარი კი ნახარებოუს მონასტერში არსებული დედნიდან გადმოწერა მღვდელმა ბართლომე ოსიძემ. დედანი (ორიგინალი) ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში.
1912 წელს, აღნიშნული გუჯარი თეოფინე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა გაზეთ „კოლხიდაში“ (№39, 40) და მას „ანტონ ჭყონდიდელის ანდერძი“ უწოდა. დღესაც, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული დოკუმენტი ანდერძის სახელით არის ცნობილი. ეს გუჯარი წარმოადგენს არა ანდერძს, არამედ ნახარებოუს მონასტრისთვის ანტონ ჭყონდიდელის მიერ ბოძებულ შეწირულობის გუჯარს.
ნაშრომში წარმოდგენილია ნახარებოუს მონასტრის ისტორიაც და ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფიაც. ნაჩვენებია ის დიდი ღვაწლიც, რაც ანტონ ჭყონდიდელს მიუძღვის ამ მონასტრის ხელახლა აშენებასა და გაძლიერებაში. დაწვრილებით არის განხილული ის მრავალფეროვანი შეწირულობა, რომელიც ანტონ ჭყონდიდელმა უბოძა აღნიშნულ მონასტერს.
ანტონ ჭყონდიდელის მიერ ნახარებოუს მონასტრისათვის მიცემული შეწირულობის გუჯარი მრავალმხრივი, საინტერესო ინფორმაციის შემცველი, სანდო ისტორიული წყაროა, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია არამარტო მონასტრის ისტორიის კვლევაში, არამედ სამეგრელოს სოციალ-ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესწავლაში.
ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ დოკუმენტის მეცნიერული შესწავლისა.
„ქართლის ცხოვრების
“ ცნობიდან ჩანს, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო პუნქტთან _ იშხნის საეპისკოპოსო ტაძართან უწინ ციხეც ყოფილა. დემეტრე თავდადებულმა ურდოში წასვლის წინ თავის დიდებულებს შვილები მიაბარა:
შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე _ კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს, და თ¢თ წარვიდეს ურდოსა.~
სამწუხაროა, რომ ამ გამორჩეული ციხის შესახებ წყაროებში სხვა აღარაფერი გვაქვს. წყაროთა სიმწირეს ისიც დაერთო, რომ მხოლოდ ამ შემთხვევის წყალობით ცნობილი ციხე ისე `მიიკარგა~, რომ მას ვერცერთმა მკვლევარმა ვერ მიაგნო.
ექვთიმე თაყაიშვილი და ვახტანგ ჯობაძე იშხნის ტაძარზე საუბრისას ციხეს მხოლოდ გაკვრით ახსენებენ. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით გამოცემულ რუკაზე, აგრეთვე სხვა თანამედროვე რუკებზე იშხნის სიახლოვეს პირობითად ციხის აღმნიშვნელი ნიშანიც არის დასმული, თუმცა ციხის კონკრეტული მდებარეობა მაინც უცნობი რჩებოდა მეცნიერთათვის.
იშხნის ციხის ლოკალიზება სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის ექსპედიციებისას, 2005, 2010 და 2011 წლებში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.
2012 წელს კი ძიება უკვე წარმატებით დასრულდა. ექსპედიციის წევრებმა (გელა გუნიავა, გრიგოლ კობიაშვილი, ბუბა კუდავა, რამაზ ობოლაძე, ოქროპირ ჯიქური) შევძელით ციხის ლოკალიზება და ზოგადი აღწერილობის გაკეთება. მოხსენების მიზანია ამ აღმოჩენის შესახებ წინასწარი ანგარიშის გაკეთება.
მოხსენების მიზანი იქნება გაჰყვეს ქართული ხელნაწერების კვალს და მათ ფონზე, უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზოგადად, სილუეტურად წარმოადგინოს:
2012 წლის 12 ივლისს ლონდონში, სოტბის აუქციონზე, გამოიტანეს 60 სხვადასხვაენოვანი ხელნაწერის ფრაგმენტისაგან შემდგარი კოლექცია, სახელწოდებით: დამწერლობის ისტორია _ 60 მნიშვნელოვანი ხელნაწერი ფურცელი მარტინ შოენის კოლექციიდან (თჰე Hისტორყ ოფ შცრიპტ: შიხტყ Iმპორტანტ Mანუსცრიპტ Lეავეს ფრომ ტჰე შცჰøყენ ჩოლლეცტიონ). ამ ფრაგმენტთა შორის არის ქართული ხელნაწერის მე-11 საუკუნით დათარიღებული ნუსხურით ნაწერი ერთი ფურცელიც (MMს 1955). ის 4 375 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (მყიდველი უცნობია).
მოხსენებაში ვისაუბრებთ ტექსტის რაობაზე, ასევე წარმოვადგენთ ფრაგმენტის პალეოგრაფიულ და ენობრივ ორთოგრაფიულ თავისებურებებს.
მოხსენებაში წარმოდგენილია 2012 წლის ექსპედიციის შედეგები და ფოტომასალა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისა (თეჟარუიქი, კოში, ქობერი, ჰნევანქი) და იქ დაცული ქართული ეპიგრაფიკული მასალის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილი და გამოქვეყნებული წარწერების გარდა მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ეპიგრაფიკული მასალა.
ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე XII საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, იგი სამ წერილობით ძეგლში: ტბეთის ოთხთავის (1161 წ.) ანდერძსა და მეფე თამარის ე. წ. I და II ისტორიკოსების თხზულებებში (XIII ს.) ოთხჯერ არის მოხსენიებული.
დასახელებული წერილობითი ძეგლების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ ანტონ II დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ არისტოკრატულ საგვარეულოს, საღირისძეთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა. 1161 წლისათვის იგი ოპიზის მონასტრის წინამძღვარი იყო, ხოლო 1183-1184 წლებში მან ქუთათელი მთავარეპისკოპოსის საყდარი დაიკავა. 1184 წელს ანტონ II საღირისძემ უშუალო მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეფის თამარის კორონაციაში და რაჭა-თაკვერის ერისთავთან კახაბერთან ერთად, საკუთარი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი თამარს. 1185 წელს ანტონ II საღირისძე, ქართლის კათოლიკოს-ყოფილ ნიკოლოზ I გულაბერისძესთან ერთად, მეფე თამარის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას ხელმძღვანელობდა. კრებამ შელახული საეკლესიო წესები გამართა, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და ქართლის კათოლიკოსის მიქაელ IV მირიანისძის გადაყენება ვერ მოახერხა. 1191 წელს, მეფე თამარის წინააღმდეგ მოწყობილი დიდი ფეოდალური აჯანყების დროს, ანტონ II საღირისძემ სამეფო კარის მიმართ უდიდესი ერთგულება გამოიჩინა. იგი დასავლეთ საქართველოს დიდ ფეოდალებსა და საეკლესიო იერარქებს შორის ერთადერთი იყო, ვინც მეფე-ყოფილ გიორგი ბოგოლუბსკის არ მიემხრო და მეფე თამარის ერთგული დარჩა. ამ აჯანყების დროს ანტონ II საღირისძე, რომელიც სამეფო კარის დავალებით, მოლაპარაკებებს მართავდა აჯანყებულებთან, დაჭრეს კიდეც.
წარმოდგენილ მოხსენებაში დადგენილია, რომ ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე, ზემოთ ნახსენები სამი წერილობითი ძეგლის გარდა, კიდევ სამ წერილობით ძეგლში – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ეტრატის ოთხთავის (HH-325) სამი ანდერძის ტექსტშიც არის მოხსენიებული. მოხსენებაში, ანდერძების ანალიზის საფუძველზე, გარკვეულია, რომ ოთხთავი სწორედ ანტონ II საღირისძის დაკვეთით, ქუთაისის საეპისკოპოსო საყდრისშვილის კლემენტოსის მიერ, 1183/1184 – 1190-იან წლებში იყო გადაწერილი. მოხსენებაში დადგენილია ისიც, რომ ოთხთავი ანტონ II საღირისძის საკუთრებას წარმოადგენდა.
მიღებული დასკვნებიდან ირკვევა, რომ განსახილავი ოთხთავი დღეისათვის ცნობილი ერთადერთი მემორიალური ნივთია, რომელიც მეფე თამარის ეპოქის უდიდესი ისტორიული მოღვაწის – ქუთათელი მთავარეპისკოპოსის ანტონ II საღირისძის სახელთან უშუალოდაა დაკავშირებული. აღნიშნული ფაქტი ამ ისედაც ძვირფასი ხელნაწერი წიგნის ზოგად-კულტურულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის და მას ფასდაუდებელ ისტორიულ რელიქვიად აქცევს.
• 2011 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ანგარიშს;
• სკოლის მსმენელების მიერ შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგებს, რის საფუძველზე შედგენილ იქნა სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების რეიტინგული სია;
• 2012 წლის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამას.
მოხსენებების წარმოდგენა შესაძლებულია სამეცნიერო სფეროში მოღვაწე ნებისმიერი მსურველისათვის.
სემინარის მუშაობას კოორდინირებას უწევს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი: ნიკოლოზ ჟღენტი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: (995 32) 47 42 42 / 599 67 98 46
ელ–ფოსტა: info@manuscript.ge / nzhgenti@manuscript.ac.ge