ფოტო და მიკრო ფირები

ხელნაწერების დაცვისა და საზღვარგარეთ არსებულ  სხვადასხვა ფონდებში დაცული ქართულ ხელნაწერთა ასლების მოძიების მიზნით ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებიდან მალევე, 1964 წელს, შეიქმნა ფოტო-მიკროფირების საცავი. თუმცა ფოტო-მიკრო ასლების შეგროვება 1950 წლიდან დაიწყო.

1956 წელს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ შეიძინა ქართულ ხელნაწერთა სინური და იერუსალიმური კოლექციების მიკროფირები, რომლის დუბლები გადასცა ხელნაწერთა ინსტიტუტს. 1981 წელს რეჟისორმა გ.პატარაიამ და მკვლევარმა ა. მიქაბერიძემ გადაიღეს ათონის ქართულ ხელნაწერთა კოლექცია (72 ერთეული) და ფირები გადასცეს სახელმწიფო უნვერსიტეტისა და მეცნიერებათა კადემიის ბიბლიოთეკასა და ხელნაწერთა ინსტიტუტს. ამგვარად, ცენტრში დაცულია სინას, ათონის, იერუსალიმის წიგნსაცავებში დაცული ხელნაწერთა მიკრო-ფოტო კოლექცია.

1964 წელს დაიწყო ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ყველა წერილობითი ნიმუშის გადაღება და მიკროფირების დამზადება. ამგვარად ჩატარებული უდიდესი სამუშაოს შედეგად ფოტო – მიკროფირების საცავში დღეისათვის გვაქვს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ყველა ისტორიული დოკუმენტის მიკროფირი, 58 პირადი საარქივო ფონდის სრული კოლექციის მიკროფირი, მათ შორის ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, დიმიტრი ყიფიანის, დიმიტრი ბაქრაძის, კორნელი კეკელიძის, ივანე ჯავახიშვილის, ალექსანდრე ოქროპირიძის, კალისტრატე ცინცაძის, ვასილ კარბელაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მარი ბროსეს, ევგენი ვეიდენბაუმის  და სხვათა სრული კოლექციის მიკროფირები. ასევე საცავი მოიცავს ცენტრში დაცული ყველა ქართული ხელნაწერის  მიკროფირს (9500-ზე მეტ ქართულ ხელნაწერთა მიკროფირს), გურამ შარაძის მიერ პარიზიდან ჩამოტანილი 200-მდე ხელნაწერისა და თანამედროვე პერიოდში შემოსულ ხელნაწერთა მიკროფირის გარდა,   არსებული კოლექციიდან  367  გამჟღავნებულია და გვაქვს ფოტოპირების სახით.

ეტაპობრივად მდიდრდებოდა ფოტო-მიკროფირების საცავი საზღვარგარეთ და საქართველოს სხვა საცავებში დაცული ქართული და უცხოური ხელნაწერების მიკროფირებით. ფოტო-მიკრო საცავში დღეისათვის გვაქვს 40-მდე სხვადასხვა ფონდში, მათ შორის პარიზისა და ბოდლეს ნაციონალური ბიბლიოთეკაში, ვატიკანის, სტრასბურგის უნივერსიტეტის, ვენის, ჰარვარდის, გრაცის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებსა და საქართველოს სხვადასხვა (ქუთაისის, მესტიის, ზუგდიდი, ბათუმის, თელავის, ახალციხის, გორის) საფონდო კოლექციაში დაცული ქართულ ხელნაწერთა ფოტო-მიკრო პირები.

აღსანიშნავია, რომ მიკროფირების ფონდი მოიცავს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უცხოენოვან ხელნაწერთა კოლექციას, ცალკე ფირზეა  დაცული მივლინებებისა და ექსპედიციების ჩანაწერები, ანდერძ-მინაწერთა მიკროფირები, კერძო პირთა კოლექციაში დაცული ხელნაწერების მიკრო ფირები, ფოტო საცავში დაცულია 566 ერთეული ეპიგრაფიკული ნიმუშების ფოტო–მიკროფირები, ნეგატივების უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა მასალაზე (ფირებზე, სლაიდებზე, მინებზე).

ფოტო-მიკრო საცავში არის რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო სამხედრო ისტორიულ არქივში, რუსეთის საგარეო პოლიტიკის არქივსა და ძველი აქტების ცენტრალურ ფონდში დაცული წერილობითი წყაროების ფოტო-მიკროფირები 2000-მდე ერთეული.

მნიშვნელოვანია სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ადიშის ოთხთავის ფოტო ასლი. იგი გადაღებული ერმაკოვის მიერ, რომელიც გამჟღავნებულია ძვირფასი მეტალის მარილების გამოყენებით.