რაჟდენ არსენიძე

 

(1880-1965) 

დაამტავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებშივე ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. აქტიურად იყო ჩაბმული XX საუკუნის დასაწყისში მიმდინარე რევოლუციურ მოძრაობაში. ეწეოდა არალეგალურ საქმიანობას, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და ერთხელ  ციმბირში გადაასახლეს. იყო ეროვნული საბჭოსა და ამირკავკასიის სეიმის წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებში. 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრია. 1919 წლიდან დაინიშნა იუსტიციის მინისტრად. 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა, სადაც მთავრობასთან ერთად დაიწყო ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. ეწეოდა აქტიურ სამწერლო–პუბლიცისტურ საქმიანობას. რედაქტორობდა ემიგრაციაში გამომავალ ჟურნალებს: „თავისუფალი საქართველო“, „ბრძოლა“, „სოციალისტური აზრს“. 1953-1964 წლებში იყო რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის რედაქტორი.

რაჟდენ არსენიძის წერილი აკაკი პაპავას
20.12.1962

ძვ. და დიდად პატივცემულო თანამემამულევ! მომავალი წლის იანვარში, სრულდება 10 წელი საქ. დემ. რესპუბლიკის პრეზიდენტის ნ. ჟორდანიას გარდაცვალების დღიდან.

ამ დღის ფართოდ და ღირსეულად ჩატარებისათვის, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ყოფილმა მინისტრებმა მე და გ. ერაძემ ავიღეთ ინიციატივა და სურვილი გვაქვს ამ დღის მოწყობაში მონაწილეობა მიიღონ ქართული ემიგრაციის ყველა პარტიებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და დამსახურებულმა პირებმა.

სამოქალაქო პანაშვიდი დანიშნულია ქ. პარიზში 1963 წ. 13 იანვარს, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ საქ. სოც. ფედერალისტური პარტიის სახელით ან პირადად თქვენის სახელით წერილის ან დეპეშის სახით მიიღოთ მონაწილეობა ამ დღის მოწყობაში.

პატივის ცემით და საუკეთესო სურვილებით:

რ. არსენიძე

რაჟდენ არსენიძის რადიო გადაცემა „ხრუშჩოვი ეწინააღმდეგება თავის თავს“, ფრაგმენტი, 12.03.1960