აკაკი პაპავა
(1890-1964)
(1890-1964)
აკაკი პაპავა იყო მწერალი, პუბლიცისტი და სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი. მან დაწყებითი განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. სწავლობდა იურევის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიისა და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. მისი საქმიანობა და შემოქმედება დაკავშირებული იყო ქართულ თეატრთან და მწერლობასთან. პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი პუბლიცისტური წერილები. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აკაკი პაპავა აირჩიეს თბილისის ქალაქის გამგეობის წევრად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო პარლამენტის წევრი სოციალ-ფედერალისტური პარტის სიით. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აკაკი პაპავა დანიშნეს მწერალთა კავშირის განყოფილების ხელმძღვანელად, ამავე დროს, იგი რედაქტორობდა ჟურნალ „ხელოვნებას“. იგი 1922 წელს გაემგზავრა ბერლინში და იქ დარჩა. 1923 წელს მასთან ჩავიდნენ მეუღლე – თამარ გოგოლაშვილი-პაპავა და ქალიშვილები. 1949 წელს პაპავების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა არგენტინაში. ემიგრაციაში ყოფნის დროს აკაკი პაპავა იღწვოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ის იყო სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული საკითხი გაეცნო. ამისთვის საქართველოს კუტურისა და ისტორიის შესახებ წერდა ნაშრომებს. არგენტინულ რადიოში გადაიცემოდა მისი მოხსენებები დაჩაგრული ერების, მათ შორის საქართველოს შესახებ. იგი პუბლიცისტურ წერილებს ბეჭდავდა ევროპასა და ამერიკაში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებში. აკაკი და თამარ პაპავებმა 1956 წელს ბუენოს-აირესში გამოსცეს წიგნი „მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“. იგი წერდა ლექსებსაც. მას გამოცემული აქვს ლექსების კრებულები „1500-წლოვან თბილისს“ და „მოწამეთობა“.
თამარ და აკაკი პაპავები ფინანსურად ეხმარებოდნენ ქართველ ემიგრანტებს. მათი მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სიონის სატრაპეზო ფარდის გადარჩენა. მათ ეს ქართული კულტურის ნიმუში კერძო პირისგან შეიძინეს, ხოლო მისმა შთამომავლებმა საქართველოს გადასცეს.
აკაკი პაპავას სიტყვა წარმოთქმული 26 მაისის ღონისძიებაზე ემიგრაციაში
ძვირფასო მამულიშვილნო,
46 წელი სრულდება რაც თავისუფალმა საქართველომ 26-V-1918 წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მოგილოცავთ ამ ისტორიულ დღეს და გისურვებთ მალე გეხილოთ ჩვენი სამშობლო თავისუფალი და დამოუკიდებელი.
სამწუხაროდ წელს ისეთის დიდის მასშტაბით ვერ ვიხდით ამ ეროვნულ დღესასწაულს, როგორც ეს იყო შარშან 45 წლის თავზე სამაგიეროდ მოხდება რადიო გადაცემები ქართული მუსიკით აქ და ურუგვაიში.