ხელნაწერთა ცენტრსა და მატენადარანს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ხელნაწერთა ცენტრსა და მატენადარანს შორის მემორანდუმი გაფორმდა
6 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკაში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სომხეთის მესროპ მაშთოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტ „მატენადარანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მატენადარანის დირექტორის შეხვედრების ოთახში შედგა ორი დირექტორის და დელეგაციის წევრების შეხვედრა. ქართველი სპეციალისტებისათვის მატენადარანში არსებული ქართული ხელნაწერების შესწავლისა და კატალოგის მომზადების საკითხებზე ნებართვის მისაღებად მრავალი წელია მიმდინარეობდა მოლაპარაკება. წელს ასეთი შეთანხმება შედგა. მატენადარანმა მემორანდუმის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა ფონდებში არსებული ქართული მასალების ციფრული ასლები და გამოთქვა მზადყოფნა დარჩენილი მასალების მიწოდების თაობაზე. მატენადარანის ხელმძღვანელობის ინიციატივით აღწერილობების დასრულების შემდეგ დაიგეგმა გამოცემების პრეზენტაცია და ქართული ხელნაწერებისა და დოკუმენტების გამოფენა. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ორივე ინსტიტუციის ხელმძღვანელებმა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და მატენადარანის დირექტორმა ვაჰან ტერ-ღევონდიანმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე და საელჩოს თანანშრომლები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომლებმაც მიღების დასასრულს დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები და მატენადარანის ახალი საცავები.